Accessibility links

site logo site logo

საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების მეორე შემთხვევა


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ, 27 თებერვალს, გვიან ღამით საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა.

"გუშინ გვიან ღამით ჩვენ გვქონდა დადასტურებული შემთხვევა, მე თავი შევიკავე განცხადებისგან გუშინ გვიან, რამეთუ მინდოდა აუცილებლად რომ დილას კიდევ გადამემოწმებინა ეს სხვა რეაგენტებით. და როცა დავრწმუნდით, რომ ნამდვილად იყო მკაცრად დადებითი, დღეს ვაკეთებთ ამ განცხადებას და შესაბამისად ამ ადამიანთან ვაფიქსირებ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დამაკმაყოფილებელი და მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები და მონიტორინგი", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, დაავადების წყარო ამ შემთხვევაში იტალიაა.

„ეს არის ისტორია იტალიაში მოგზაურობის, არის საქართველოს მოქალაქე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, ეს პირი 5 დღით იმყოფებოდა მოგზაურობაში ჩრდილოეთ იტალიაში, თავისი ასაკით არ შედის რისკჯგუფში, ვირუსის სიმპტომები კი საქართველოში ჩამოსვლიდან მეორე დღეს გამოუვლინდა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული იტალიის რეისით იფრინა. აეროპორტში შესვლისას იგი უსიმპტომო იყო, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ მან თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. "მისი უახლოესი ერთი ადამიანი უკვე კარანტინშია და დანარჩენებზე, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა, ეპიდკვლევა მიმდინარეობს", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსით დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მოდიოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG