Accessibility links

logo-print logo-print

თენგიზ ცერცვაძე: ინფექციურში 35 პაციენტია, მათგან 16 - ახალი


ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოში 35 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 16 - ახალი. მათ ანალიზები აუღეს და პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია, მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად ისინი ექიმების მუდმივი დაკვირვების ქვეშ იყოფებიან.

„იყო 20 გუშინდელი პაციენტი, რომელთა მასალაც გუშინ გამოსაკვლევად იყო გაგზავნილი. ყველა მათგანი უარყოფითია. ამ 20 უარყოფითი შედეგიდან, 10-მა პაციენტმა ჩვენი კლინიკა უკვე დატოვა და საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილი. 10 ჩვენთან რჩება, მაგრამ ისინიც საკარანტინო სივრცეშიც იქნებიან გადაყვანილი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი სიტყვებით, ის პაციენტები, რომელთაც კორონავირუსი გამოუვლინდათ, არ საჭიროებენ რაიმე ინტენსიურ მკურნალობას.

„კვლავინდებურად 3 ინფიცირებული გვყავს. ერთი მათგანის მდგომარეობა კვალიფიცირდება, როგორც უსიმპტომო, ვინაიდან აბსოლუტურად არავითარი სიმპტომი არ აქვს. ხოლო ორი პაციენტის მდგომარეობა კვალიფიცირდება, როგორც მსუბუქი, ვინაიდან მათ აქვთ ტემპერატურის მატება 37-37.1 და მცირე ხველა. ამ ეტაპზე ისინი არ საჭიროებენ რაიმე ინტენსიურ სამკურნალო ღონისძიებებს, მხოლოდ დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ უკვე მსოფლიოში არსებული პრაქტიკით, ასეთი მსუბუქი დასაწყისის შემთხვევაში, უახლოესი ერთი კვირის ან 10 დღის მანძილზე შესაძლებელია მოხდეს დამძიმება, მათ შორის, სერიოზულ, კრიტიკულ მდგომარეობამდე. ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, პაციენტები დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

3 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევაა. კორონავირუსის სამივე შემთხვევა ბოლო რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა. სამივე საქართველოს მოქალაქეა. პირველი 50 წლამდე მამაკაცია, რომელიც ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული კი მამაკაცია, რომელიც მანამდე ირანში იმყოფებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG