Accessibility links

site logo site logo

ჩინეთში კორონავირუსის კრიზისი იკლებს, მაგრამ ის მწვავდება ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და აშშ-ში


ჩინეთში კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი იკლებს, მაგრამ ის მწვავდება ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და აშშ-ში. კორონავირუსის ახალი კერები გაჩნდა სამხრეთ კორეაში, ირანში, იტალიასა და იაპონიაში.

ირანმა 3 მარტს განაცხადა, რომ დადასტურებულია დაავადების 2336 შემთხვევა და 77 სიკვდილი. როგორც იტყობინებიან, დაავადებულთა შორის არიან ირანის პარლამენტის 23 წევრი და ქვეყნის საგანგებო ვითარებათა სამსახურის ხელმძღვანელი.

ყაზახეთმა ჩაკეტა კასპიის ზღვის პორტები აქტაუ და კურიკი და მათში აღარ უშვებს მგზავრებს ირანიდან და აზერბაიჯანიდან, რათა ხელი შეუშალოს კორონავირუსის გავრცელებას. ამის შესახებ ყაზახეთის მთავრობამ 4 მარტს გამოაცხადა.

იტალიაში დაავადების სასიკვდილო შემთხვევებმა 79-ს მიაღწია. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ჩინეთის ფარგლებს გარეთ, საიდანაც დაიწყო ვირუსის გავრცელება გასული წლის დეკემბერში.

სამხრეთმა კორეამ, სადაც დაავადების 5328 შემთხვევაა რეგისტრირებული, 4 მარტს გამოაცხადა, რომ იწყებს ხალხის სამედიცინო შემოწმებას მანქანიდან მათი გადმოსვლის გარეშე, რათა შეზღუდოს ადამიანებს შორის კონტაქტი.

3 მარტს უკრაინასა და მაროკოში დაავადების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.

ტაჯიკეთმა 4 მარტს მოსახლეობას მიმართა თხოვნით, მოერიდოს პარასკევის ლოცვას მეჩეთებში. ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების შემთხვევა არ აღრიცხულა.

საქართველოში აღრიცხულია დაავადების სამი შემთხვევა. ექიმების თქმით, სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღეისთვის მსოფლიოში 92 ათასი ადამიანია ახალი კორონავირუსით დაავადებული. გარდაიცვალა 3100-ზე მეტი, მათი 95% - ჩინეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG