Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა მსჯელობს შეაჩეროს თუ არა ფრენები COVID-19-ის პრევენციის მიზნით


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არ იძლევა რეკომენდაციებს ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით.

მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობას შეუძლია სიტუაციის ადგილზე კონტროლი: „ყველა ის შემთხვევა, რომელიც გამოვლენილი იყო, იყო გამოვლენილი ჩვენი აქტიური მუშაობით, რაც ნამდვილად არის ძალიან ეფექტური“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით კი ფრენების შეჩერების საკითხი პრაქტიკულად ყოვედღიურ თათბირებზე განიხილება, მათ შორის იტალიის მიმართულებით. მინისტრმა მედიასთან აღნიშნა, რომ იტალიის მიმართულება მაღალრისკიანია, მაგრამ კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ამ ქვეყანასთან ფრენების შეჩერებით, ვირუსის გავრცელების რისკები მაინც დარჩება:

„შეიძლება სხვა მიმართულებიდან შემოვიდნენ. თუ გნებავთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ, მაშინ საერთოდ უნდა ავკრძალოთ ფრენები. ძალიან ძვირი ფასი იქნება გადახდილი და ჩვენ ასევე ამას ვუყურებთ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მეგობრები, რა პრაქტიკაა იქ, როგორ იცავენ თავს, რამდენად ძლიერია კონტროლი საზღვრებზე. გვირჩევნია, უფრო ამ გზით ვიაროთ, ინდივიდუალურად შევამოწმოთ, ვნახოთ, რისკები დავთვალოთ, შემდგომში მონიტორინგი შევძლოთ უკვე აქ ჩამოსული ადამიანების, რომ მალევე მივაკვლიოთ, თუ სიმპტომი გამოვლინდა, ვიდრე ასე ავდგეთ და ბევრი მიმართულება გადავკეტოთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ამავე საკითხის კომენტირებისას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტის შესახებ ადვილი მისაღები არ იქნება:

„მყისიერად შევწყვიტეთ პირდაპირი ფრენები ჩინეთთან, შევწყვიტეთ პირდაპირი ფრენები ირანთან. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, რომლებიც შეიძლება რისკის მატარებელი იყოს, ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით დღემდე იმისთვის, რომ უფრო მეტი პირდაპირი ფრენა გვქონოდა უფრო მეტ ქალაქთან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი თქმით პრიორიტეტად რჩება საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა, ვირუსის გავრცელების პრევენცია და ამიტომ ფრენების შეჩერების საკითხი მთავრობის აქტიური მსჯელობის საგანია.

5 მარტს საქართველოში ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19 დაუდგინდა საქართველოს ერთ მოქალაქეს იტალიაშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG