Accessibility links

ახალი კორონავირუსით დაავადებული 9 პაციენტიდან, 7 კლინიკური ნიშნების გამოვლენის გარეშეა


ახალი კორონავირუსით (COVID-19) დაავადებული 9 პაციენტიდან საყურადღებოდ მიიჩნევა ერთის მდგომარეობა. ამის შესახებ მედიასთან განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. მისი შეფასებით, ერთი, რიგით მეოთხე პაციენტი პროგნოზულად სერიოზულია იმიტომ, რომ დაავადება კარგადაა გამოვლენილი და მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა. რაც შეეხება მეორეს, მისი მდგომარეობა შეიძლება შედარებით მსუბუქად შეფასდეს. „კლინიკა გამოხატულია შედარებით მსუბუქად და თუ ასე შენარჩუნდება, ესეც კარგი პროგნოზის მაჩვენებელი იქნება“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, დანარჩენი 7 პაციენტი კლინიკური გამოვლინებების გარეშეა:

„ანუ დადებითი ტესტირებით და კლინიკის გამოვლენის გარეშე. ამათთან გრძელდება ყოველდღიური მეთვალყურეობა, კვლევები და შეფასება, შესაბამისად დინამიკაში როგორ ვითარდება სიტუაცია.“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. იგი ამბობს, რომ ჯერჯერობით დაავადების პროგრესირება ყველა პაციენტთანაა მოსალოდნელი:

„პირველი სამი პაციენტი, რომელიც უკვე დაახლოებით ერთი კვირაა ჩვენთან წევს, მათთან ჯერჯერობით სტაბილური სიტუაციაა და დანარჩენი 4 პაციენტი რომელთაც კლინიკა არა აქვთ, დღეიდან დავიწყებთ მეთვალყურეობას, როგორი სიტუაცია გვექნება. დიდი ალბათობით ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად შევინარჩუნებთ არსებულ სიტუაციას“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თანახმად, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის 25 პირია განთავსებული. მათგან 9-სთან დადასტურებულია ახალი კორონავირუსი, 5 პაციენტი ინფექციაზე კვლევის პროცესშია, დაავადებულთა ნაწილს სხვადასხვა შტამის გრიპი აქვს, ხოლო ნაწილი კარანტინში გადასასვლელად ემზადება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG