Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ბათუმის საქალაქო სასამართლოში დავას იწყებენ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი შორენა ღლონტი, უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე და საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე მაუწყებლის დირექტორის წინააღმდეგ სამოქალაქო დავის ფარგლებში ბათუმის საქალაქო სასამართლოს უახლოეს მომავალში მიმართავენ.

მათი მთავარი მოთხოვნაა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მიერ თანამშრომლების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწყების, სხვა პოზიციაზე გადაყვანისა და სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და თანამშრომლების დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი დაიცავს:

„მაია მერკვილაძის, შორენა ღლონტისა და თეონა ბაკურიძის შრომითი საქმეების სამართლებრივი ანალიზი აჩვენებს, რომ მენეჯმენტის მხრიდან ამ გადაწყვეტილებების მიღება კანონის არსებითი და აშკარა დარღვევით განხორციელდა, რაც დამსაქმებლის მხრიდან საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და შიდა სარედაქციო პროცესში თვითნებური ჩარევისა და ხელყოფის შინაარსს ატარებს“, - აღნიშნულია EMC-ს განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ რედაქცია დაატოვებინა საინფორმაციო სამსახურის უფროსს და მის მოადგილეს. ეთერიდან მოხსნეს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე.

არხის ჟურნალისტები თვეებია, საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლება, ახალი დირექტორის მეშვეობით, მაუწყებლის ხელში ჩაგდებას და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის ჩახშობას ცდილობს.

XS
SM
MD
LG