Accessibility links

logo-print logo-print

ირაკლი კობახიძე გიორგი ვაშაძეს ტყუილში ადანაშაულებს


ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და ბესიკ თამლიანის გათავისუფლებასაც.

ირაკლი კობახიძემ დღეს, 9 მარტს მედიას უთხრა, რომ ის, რაც 8 მარტს მოხდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე, ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა: „თქვენ მოისმინეთ კონკრეტული კომენტარი, მაგალითად, გიორგი ვაშაძის, რომელიც ამბობდა კონკრეტულ რამეს. ეს ადამიანი მანამდეც შეიმჩნეოდა ტყუილებში, ახლაც თქვა ტყუილი. ის ხშირად იტყუება ზოგადად. ეს არის მისი სტილი და ამ შემთხვევაშიც, მან მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე ან გამოძიების შეწყვეტაზე და ასე შემდეგ იყო საუბარი. ეს იყო არც ინტერპრეტაცია, არც არაფერი, ეს იყო უბრალოდ ტყუილი“.

კობახიძის განცხადებითვე, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან: „პოლიტპატიმარს ვერ ვუწოდებთ ვერცერთ შემთხვევაში ისეთ ადამიანს, რომელსაც აქვს მოპარული ათეულობით მილიონი ლარი საჯარო ბიუჯეტიდან და ვერ ვუწოდებთ პოლიტპატიმარს ისეთ პირებს, რომლებიც იჭრებოდნენ საქართველოს პარლამენტის შენობაში“.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ გიგი უგულავას გასათავისუფლებლად უნდა მოხდეს „პრეზიდენტის ინსტიტუციის მექანიზმის გამოყენება“. ვაშაძის ინფორმაციით, საუბარია ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და ბესიკ თამლიანის საკითხზეც, რომელთა გასათავისუფლებლად სხვა მექანიზმი უნდა ამოქმედდეს, მათ შორის, შესაძლოა, ეს იყოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა.

"ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციურმა პარტიებმა უცხოელი დიპლომატების შუამავლობით, 8 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2020 წელს პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს და ერთობლივ განცხადებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG