Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიიდან სპეცრეისებით დაბრუნებული მოქალაქეები კარანტინის რეჟიმს გაივლიან


კორონავირუსის COVID-19 გამო საქართველოში მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანდაცვის უწყების მიერ მიცემული აქვთ მითითება საკარანტინო პერიოდის თვითიზოლაციაში გატარების თაობაზე, კატეგორიულად აფრთხილებს, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, დაიცვან თვითიზოლაციის წესები, რათა არ შეუქმნან საფრთხე ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა დღეს, 10 მარტს გამართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თქვა, რომ იტალიაში საქართველოს საელჩო ორგანიზებულად ახორციელებს სხვადასხვა ქალაქში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებას რომში, საიდანაც სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდებიან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას ცნობით, საჰაერო ხომალდები იტალიაში უკვე გაგზავნილია და საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად, უახლოეს პერიოდში განხორციელდება.

იტალიიდან ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს ადგილზე კიდევ ერთხელ ჩაუტარდებათ დეტალური შემოწმება, რის შემდეგაც ისინი 14 დღით სავალდებულო კარანტინს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად გაივლიან.

10 მარტის, დღის პირველი ნახევრის მდგომარეობით, საქართველოში კარანტინის რეჟიმშია 178 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 56. ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 15 შემთხვევა. მათგან ორს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები, თუმცა ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG