Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის დეპუტატები მიესალმებიან საქართველოს მმართველ პარტიას და ოპოზიციას შორის შეთანხმებას


„გასული კვირა იქცა შემობრუნების მომენტად საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ქვეყნის ძირითადი პოლიტიკური ძალების მიერ ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმით, რომელიც ადგენს არჩევნების ჩატარების წესს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ. ჩვენ გვსურს მივულოცოთ ამ, ზოგჯერ, დაძაბული დიალოგის ყველა მონაწილეს, რომ მათ პირველ ადგილზე დააყენეს საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესი“, - ნათქვამია ევროპარლამენტის წამყვანი დეპუტატების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - დევიდ მაკალისტერი (EPP, DE), ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი - მარინა კალიურანდი (S&D, EE), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე - სვენ მიკსერი (S&D, EE) და ვიოლა ფონ კრამონი, ევროპის მწვანეთა პარტიის წევრი (The Greens/EFA, DE).

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ 8 მარტს პარტიები საქართველოში შეთანხმდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სისტემით, რომლითაც 120 დეპუტატი პროპორციული წესით აირჩევა და 30 მანდატი კი განაწილდება მაჟორიტარულ ოლქებში. პარტიებისთვის პარლამენტში მოსახვედრად საკმარისია იქნება ერთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა და ასევე დგინდება შეზღუდვა, რომლითაც განისაზღვრება, რომ ვერც ერთი პარტია, რომელიც ხმების 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, დამოუკიდებლად ვერ შეძლებს უმრავლესობის ფორმირებას.

„მემორანდუმზე ხელმომწერებმა ივალდებულეს, რომ ჩაატარებენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და თავიდან იქნება აცილებული ნებისმიერი ქმედება, რაც შესაძლოა ინტერპრეტირებული იქნეს, როგორც საარჩევნო და სასამართლო პროცესების შეუფერებელი პოლიტიზების მცდელობა“, - ნათქვამია ევროპარლამენტის წამყვანი დეპუტატების განცხადებაში.

სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის განმტკიცების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ტექსტის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ „თავიდან აიცილოს ნებისმიერი დანიშვნა, რაც არ უწყობს ხელს ამ პროცესს“.

ევროპარლამენტარები გამოთქვამენ იმედს, რომ სრულად მოხდება შეთანხმების იმპლემენტაცია, რაც გულისხმობს შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებას და მის სწრაფ დამტკიცებას პარლამენტის მიერ. ეს ხელს შეუწყობს მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას OSCE/ODI-ის მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე.

„ეს ნაბიჯები გადამწყვეტი იქნება საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის შემდგომი შემცირებისა და მისი დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით. ჩვენ ასევე ვაღიარებთ, რომ პლურალისტურ და დაბალანსებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მშვიდი და წარმატებული საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად“, - ხაზგასმულია განცხადებაში, რომელიც საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გააკეთეს ევროპარლამენტარებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG