Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფთა მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება


საქართველოში კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, - თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მან საზოგადოებას ბრიფინგზე გააცნო საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა (COVID-19) მონაცემები.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს თვითიზოლაციაში მყოფთა მონიტორინგი. მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტუილებით, გარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა, შსს-ს საპატრულო პოლიციის სერიოზული მხარდაჭერა იქნება, იმისთვის, რომ „კარგად მოხდეს მონიტორინგი, როგორც თვითიზოლაციაში, ასევე კარანტინში მყოფი ადამიანების“.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 178 ადამიანი. თვითიზოლაციაში ყოფნა კი, ამირან გამყრელიძის თქმით, რისკჯგუფში მყოფი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანებიდან არჩია 1108-მა.

რაც შეეხება ინფიცირებულთა შესახებ მონაცემებს, 10 მარტის 15:00 საათის მდგომარეობით, როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, საქართველოში სულ იყო 466 შესაძლო შემთხვევა, რომელიც საჭიროებდა შესაბამის ლაბორატორიულ გამოკვლევას. დღეს ყველა მათგანი შემოწმებულია და კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირების 15 შემთხვევა არის დადასტურებული.

გამყრელიძემ თითოეულის სამოგზაურო ისტორიის შესახებაც ილაპარაკა:

2 - ირანში მოგზაურობა;

1 - ესპანეთში მოგზაურობა;

7 - იტალიაში მოგზაურობა (აქედან 6 წარმოადგენს უცხოეთში ერთად ნამყოფი ორი ოჯახის კლასტერს);

5 - მოგზაურობაში მყოფ ადამიანებთან კონტაქტი.

ამჟამად ლუგარის ცენტრში გამოსაკვლევად არის 23 ნიმუში, მათ შორის, 17 ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან, დანარჩენი - სხვა დაწესებულებებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG