Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს მთავრობა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკისა და ზიანის შემცირების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში არსებული ვითარების და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით მუშაობს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისთვის მზაობის შესაბამისად ახორციელებს სამოქმედო გეგმას.

რაც შეეხება კონკრეტულად გატარებულ ღონისძიებებს, მთავრობის განცხადების თანახმად:

„საქართველოს მთავრობა, განსაკუთრებით ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, საგარეო, ეკონომიკის, განათლების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და სხვა სამინისტროები გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

ამჟამად ქვეყანაში დაფიქსირებულია კორონავირუსით დაინფიცირებულთა 24 შემთხვევა, თითოეულ პაციენტს უტარდება სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება, ხოლო დაინფიცირებულ ადამიანებთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეები გადიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლით გათვალისწინებულ პროცედურებს.

სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში რეგულარულად გამოსცემს ახალ გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საპრევენციო ზომაა დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციისგან თავის არიდება, ამიტომ:

1. საქართველოს მასშტაბით სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.

2. ასევე, ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა.

3. სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ნაწილი დროებით გადადიან დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. კერძოდ, ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებულად არ საჭიროებს სამუშაო ადგილზე ყოფნას, საკუთარი სახლიდან, დისტანციურად შეასრულებენ სამუშაოს. ასეთი რეკომენდაცია ეძლევათ კერძო დაწესებულებებსაც. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს უწყებების საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას და არ უნდა აისახოს თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე.

4. პრობაციონერები 14 აპრილის ჩათვლით თავისუფლდებიან პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისა და რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან. პრობაციის ოფიცერთან დაფიქსირების აუცილებლობა, სოციალურ მუშაკთან ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები ამ ეტაპზე გაუქმებულია. 14 აპრილის ჩათვლით, პრობაციის ბიუროში პრობაციონერების გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაითვლება და მას არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება.

5. პენიტენციურ დაწესებულებებში ორი კვირის ვადით ამოქმედდა განსაკუთრებული პირობები. ამ პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ამასთან, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შეუჩერდათ დაწესებულების გარეთ, სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენებისა და უქმე დღეებში გასვლის უფლება. ასევე, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშესული ბრალდებულები/მსჯავრდებულები განთავსებულნი იქნებიან სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან განცალკევებით.

6. დროებით შეწყდეს საქართველოში საგანმანათლებლო, სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ხალხმრავალ შეკრებასთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით:

• ამ დროისთვის უკვე შეწყდა: საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი, ასევე ასაკობრივი პირველობები, საქართველოს რაგბის ეროვნული და ასაკობრივი ჩემპიონატი, ხელბურთელთა ჩემპიონატი, ასაკობრივი საკალათბურთო პირველობების გათამაშება და ა.შ.;

• თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 27-29 მარტს გასამართი ძიუდოს გრან პრი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) გადაწყვეტილებით, ოფიციალურად გაუქმდა;

• ხოლო 14 მარტს, მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი რაგბი ევროპის ეგიდით გასამართი საქართველო-რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საზღვრის როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, კვეთისას ფართოვდება შეზღუდვები როგორც საქართველოს, ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის:

ჩინეთს, სამხრეთ კორეას, ირანს და იტალიას ემატება სხვა ქვეყნებიც და ახლა უკვე გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებულნი არიან:

1. წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID-19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში - სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

2. PCR ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მათ უნდა გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

მთავრობა მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ გაემგზავრონ საზღვარგარეთ. განცხადებაში აღნიშნულია ასევე მოქალაქეთა მიერ თვითიზოლაციის წესების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობის შესახებ.

განცხადების თანახმად, მთავრობის ეკონომიკური გუნდი 2020 წლის 12 მარტს, დღის ბოლომდე წარადგენს ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტულ გეგმას, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მსოფლიოში პანდემიური ვითარებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.

განცხადებაში

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG