Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: შეწყალებას პოლიტიკური ფასი აქვს და ეს ძალიან მარტივია - აღიარება


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ ილაპარაკა. მან ყურადღება გაამახვილა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ოპოზიცია პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებს.

„მე არ ვმჯდარვარ ამ მაგიდასთან. მეორე მხრივ, ჩემი მხრიდან გარკვეული კომენტარების გაკეთება ამის შესახებ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან კარგად მესმის, რა არის პოლიტიკური პროცესი და ისიც კარგად მესმის, რომ მსგავს პოლიტიკურ პროცესში არსებობს, რაღაც წერილობითი საბუთები, მაგრამ არსებობს სიტყვიერი შეთანხმებებიც. კიდევ ბევრი რამ, არსებობს, რაღაც სხვა განზომილებები, მაგრამ ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად ფაქტია და კითხვები არ არსებობს იმის შესახებ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. ეს მათი [ოპოზიციის] პოლიტიკური პოზიციაა, რომელსაც, ასევე შეფასება ექნება. შეუძლებელია, დღეს ვიღაცამ თქვას, რომ ქართული მართლმსაჯულება არის პოლიტიზებული, მით უმეტეს, გარკვეულ კონკრეტულ „ქეისებთან“ დაკავშირებით. პოზიცია არის მარტივი, საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ. ეს არის ჩემი პოზიცია“, - თქვა გახარიამ.

პრემიერის აზრით, საქართველოს ჰყავს დამოუკიდებელი სასამართლო, რომლის კომპეტენციაში ვერავინ შეიჭრება. ამასთან, მთავრობის მეთაური შეწყალების აქტის დატვირთვაზე ლაპარაკობს.

„როდესაც პოლიტიკურ პროცესზე ვლაპარაკობთ, ყველა ასეთ შეწყალებას თავისი პოლიტიკური ფასი აქვს და ეს ძალიან მარტივია, აღიარება, მეტი არაფერი. მეორე მხრივ, თუ პოლიტიკური ლიდერების დაკავებას თავისი ფასი აქვს, ამას გადაახდევინებს ამომრჩეველი“, - აღნიშნა გახარიამ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება საარჩევნო სისტემის გარდა მოიცავს ტექსტს, რომელშიც ნათქვამია: „მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით“.

მართალია, ხელმოწერილ ტექსტში კონკრეტული ადამიანების გვარები არ არის მითითებული, თუმცა, როგორც ოპოზიცია აღნიშნავს, საუბარი იყო გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და ბესიკ თამლიანის გათავისუფლებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG