Accessibility links

site logo site logo

პაატა ბურჭულაძის შვილის თქმით, მისი კომპანიის თანამშრომელმა კორონავირუსზე ცრუ SMS-ები გააგზავნა


ოპერის მომღერლის, პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძის კომპანიაში სამართალდამცავები იმყოფებიან. როგორც შუქრი ბურჭულაძემ „პირველ არხს“ უთხრა, მისი კომპანიის თანამშრომელმა მთავრობის სახელით ცრუ SMS-ები გაუგზავნა ექვს ადამიანს, მათ შორის ოჯახის წევრებს.

„ჩემი ინფორმაციით, არავინ არ არის დაკავებული. გუშინ, როდესაც მოხდა მთავრობისგან საინფორმაციო შეტყობინებების გაგზავნა, ამავდროულად რომელიღაც სხვა კომპანიიდან დაიგზავნა გარკვეული რაოდენობის ცრუ მესიჯები. დაემთხვა ისე, მთავრობის შეტყობინებების დაგზანვის შემდგომ, ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი გაეხუმრა ოჯახის წევრებს, დედას, დას და ორ მეგობარს. დააგზავნა ექვსი მესიჯი. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი რამ მოხდა. ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა ამასთან დაკავშირებით და ჩავატარეთ შიდა გამოძიება. თავად გამოტყდა ეს თანამშრომელი, რომ ხუმრობის სახით, მხოლოდ თავის ოჯახის წევრებს, ახლობლებს გაეხუმრა და გაუშვა მესიჯები. ეს თანამშრომელი გათავისუფლებულია სამსახურიდან“, – აღნიშნა შუქრი ბურჭულაძემ.

ბურჭულაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილმა „მთავარ არხს“ უთხრა, რომ სამართალდამცავები კომპანიაში „განჩინებით მოვიდნენ, რაღაც უცნაური განჩინება იყო, ზოგადად ითხოვდნენ სერვერებიდან ინფორმაციას“. მისი თქმით, დეტალურად უნდა ყოფილიყო მოთხოვნა პროკურორის მხრიდან დაყენებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლე რის უფლებას აძლევდა. „შემდეგ სხვანაირად დავადგინეთ, რომ მოსამართლეს ზოგადი და საეჭვო განჩინება ჰქონდა გამოტანილი. ჩვენ მივედით იქამდე, რომ მხოლოდ იმ ინფორმაციას მიიღებენ, რომელიც დეტალურად აინტერესებთ“, - თქვა ადვოკატმა.

რადიო თავისუფლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა და ინფორმაციას მოწოდებისთანავე შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება 16 მარტს საქართველოს მთავრობის მიერ მოქალაქეებისთვის გაგზავნილ გამაფრთხილებელ შეტყობინებას, მასში ნათქვამია, რომ ტექსტში აუცილებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაციები წერია.

„დაიცავით პირადი ჰიგიენა; აუცილებელი საჭიროების გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან; განსაკუთრებული სიფრთხილე მათ, ვინც 60 წელს გადაცილებულია; საჭიროების შემთხვევაში დაიცავით თვითიზოლაციის წესები; მაღალი ტემპერატურისა და ხველების დროს მიმართეთ ექიმს", - ვკითხულობთ SMS-ში.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG