Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესიკ თამლიანი: ვამზადებ სარჩელს და იქით მინდა წავუყენო ჩემს მთავრობას


20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, გირაოთი შეუცვალეს, ციხის დატოვების შემდეგ ამბობს, რომ სარჩელის შეტანას აპირებს.

„თავისუფლებას თავისი ფასი აქვს, მაგრამ გააჩნია რა ფასად, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მგულშემატკივრობდა. ჩემი სიჯიუტე გამოიხატება იმაში, რომ ეს ბრალი უკვე მქონდა წაყენებული, როდესაც ჩვენ 20 ივნისს დაგვაკავეს, წაგვიყენეს ერთი და იგივე ბრალი, ეს ბრალი წამიყენეს დღესაც. მოსამართლემ მაშინ შემოგვთავაზა აღიარება და მონანიება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ვერ ვაღიარებდი. ვიცოდი, რომ რაღაც მქონდა გაკეთებული, რის გამოც უნდა მეგო პასუხი. მაგრამ რასაც მე მაბრალებენ, არის შეუთავსებელი იმასთან, რაც მოხდა სინამდვილეში. ვამზადებ სარჩელს და იქით მინდა წავუყენო ჩემს მთავრობას სარჩელი იმისთვის, რაც გააკეთეს. ბრძოლა გრძელდება, გავრილოვის ფაქტორი დღევანდელმა მთავრობამ გამოიყენა საკუთარი მიზნებისთვის“, - თქვა ბესიკ თამლიანმა.

თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა 23 მარტს შეეცვალა გირაოთი (4000 ლარით).

ბესიკ თამლიანის ადვოკატი ლევან იოსელიანი მოსამართლის გადაწყვეტილებას შემდეგი მიზეზით განმარტავს: „დაცვის მხარისთვის დაცვის ეფექტური განხორციელების საშუალების მიცემაა, ვინაიდან ბესიკ თამლიანს 9-თვიანი საპატიმრო ვადა 4 აპრილს ეწურებოდა, ამ პერიოდის განმავლობაში კი, დაცვის მხარე მოწმეების დაკითხვას ვერ მოასწრებდა“.

პროკურატურის განმარტებით, ბრალდების მხარე თამლიანისთვის გირაოს შეფარდებას იმის გამო დათანხმდა, რომ თავად მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა, დაცვის მხარე კი კიდევ 15-მდე მოწმის დაკითხვას გეგმავდა.

„ვინაიდან ბესიკ თამლიანს პატიმრობაში ყოფნის 9-თვიანი ვადა 4 აპრილს ეწურებოდა, ხოლო დაცვის მხარემ, მისივე განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეები ვერ წარმოადგინა", - აცხადებს პროკურატურა.

ბესიკ თამლიანს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG