Accessibility links

პაატა იმნაძე: განსაკუთრებული მადლობა სოფელ კაპანახჩის ექიმს


კორონავურსზე COVID-19-ზე ტესტირება 2200 ადამიანზე მეტს ჩაუტარდა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

31 მარტის 14:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 110 ადამიანი.

„ბოლო მონაცემებით, ეს არის 110 შემთხვევა. ეს 110 შემთხვევა არის 2200-ზე მეტი ტესტირებულიდან მიღებული, რომ ვიცოდეთ. დღეისათვის 2200 ადამიანი არის გატესტილი „პისიარ“ მეთოდით“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამ საკითხზე საუბრისას მან ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბოლნისის რაიონის ერთ-ერთი სოფლის ექიმს.

„პერსონალურად მინდა მადლობა გადავუხადო, სოფელ კაპანახჩის, ბოლნისის რაიონის სოფლის ექიმს, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა ყველა ის რეგულაცია, რომელიც დიდი ხანია დევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. მშვენივრად თავისი ალგორითმი გამოიყენა, ის რაც მას ჰქონდა ჩვენი ვებგვერდიდან, მე მისთვის პერსონალური ტრენინგი არ ჩამიტარებია, მაგრამ მან წაიკითხა ის, რაც ეწერა ჩვენს გვერდზე, მშვენივრად შეძლო შემთხვევის ამოცნობა, ასევე ამ რაიონის საზოგადოებრივი ცენტრის ჯანდაცვის დირექტორი, ქალბატონი მაკა, რომელთანაც ასევე პერსონალური ტრენინგი არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ის, რაც იყო ჩვენთან, ყველაფერი მშვენივრად იცოდა და ასე იპოვეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთი შემთხვევა, რომლის შემდეგ ჩვენ, ისევ მათი დახმარებით, დავადგინეთ ძალიან ბევრი მათი კონტაქტები და ეს კონტაქტები იყო ათეულობით“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში 14:30 საათის მონაცემებით 110-მდე გაიზარდა კორონავირუსით COVID-19-ით დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი. მათგან 21 გამოჯანმრთელებულია.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული 110-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.

დანარჩენი 108-დან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 87 აქტიური შემთხვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG