Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, 2000 სწრაფი ტესტი ადგილზეა, 52000 - გზაში


ეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე

„ამ ეტაპზე საქართველოში ადგილზე გვაქვს PCR ტესტების რაოდენობა 2000 ოქროს სტანდარტის. დამატებით 10000 ტესტი, რომელიც უკვე კიდევ შემოსული არის. გზაშია 18000 ტესტი და საერთო შეკვეთის რაოდენობა არის 84000“, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

შეკითხვებით, რამდენი სწრაფი ტესტი შემოიტანეს ქვეყანაში პირველი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, რამდენად სანდოა და კიდევ რამდენის შემოტანას აპირებენ, ჯანდაცვის მინისტრს რადიო თავისუფლებამ მიმართა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით: „ის სწრაფი ტესტები, რომლებსაც მოქალაქეები ესე ძალიან ელოდებიან, რომელსაც საკმაოდ ფრთხილი გამოყენება ესაჭიროება და მეტი მეთვალყურეობა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყოველთვის ვიმეორებთ, რომ მნიშვნელოვანია ხარისხის და ოქროს სტანდარტის დაცვა და, აქედან გამომდინარე, მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გამოვიყენებთ სწრაფ ტესტებს, მათი რაოდენობა ამ ეტაპზე ქვეყანაში არის 2000, 52000 არის გზაში და საერთო შეკვეთის რაოდენობა მას შემდეგ, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან დადასტურებული იქნება ამ სწრაფი ტესტების უსაფრთხო და მაღალი სანდოობის გამოყენების სტანდატი, გვაქვს გეგმაში, რომ დამატებით 200 000 შემოვიტანოთ ქვეყანაში“.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ჟურნალისტები მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგებს აღარ ესწრებიან და შეკითხვებს წერილობით გზავნიან.

დღევანდელ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრს დაუსვეს ინტერნეტგამოცემა „პუბლიკას“ შეკითხვაც, რომელიც ეხებოდა ანტიგენსა და ანტისხეულზე დამყარებული ტესტების რაოდენობას.

ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, უკვე ადგილზეა ანტისხეულების 4 000 ტესტი და გზაშია 20 000: „საერთო რაოდენობას ამ ეტაპისთვის გაფორმებული ხელშეკრულებებით ჩვენ ველოდებით 24 000-ს“.

მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ 215 000 სწრაფი ტესტის შესაძენი ხელშეკრულება გააუქმა კომპანია Bioeasy-სთან, რომელმაც საკუთარი პროდუქცია თავად გაიწვია.

მთავრობას ოპონენტები აკრიტიკებენ იმის გამო, რომ საქართველო სწრაფი ტესტების რაოდენობით მსოფლიოს სხვა ქვეყნებს საგრძნობლად ჩამორჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG