Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა ითხოვს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ვადის გაზრდას 10 მაისამდე


ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი სიტყვებით, დღეს საქართველოში პირველად ერთი დღეს განმავლობაში გამოვლინდა 30 ინფიცირებული ადამიანი.

"კვლევა მიმდინარეობს დაახლოებით 500 ადამიანზე და შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისი სიტყვებით, ამ ფაქტს ადასტურებს ის მძიმე კარანტინის ზონებიც, რომლებიც მომრავლდა საქართველოში და ვერავინ ზუსტად ვერ ამბობს, როდის დადგება კრიზისის პიკი. შესაბამისად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 15 აპრილის 21 საათიდან 4 ქალაქში ტრანსპორტით შესვლისა და გამოსვლის აკრძალვის შესახებ.

"15 აპრილის 21 საათიდან 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში ყველა სახის მოძრაობა, ქალაქი არა, ქალაქში შესვლა და გამოსვლა იყოს აკრძალული 10 დღით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი სიტყვებით, უახლოეს დღეებში მთავრობა მიმართავს პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის ქვეყნის მასშტაბით გაგრძელების თაობაზე 10 მაისამდე.

მოთხოვნა, წინა შემთხვევის მსგავსად, ჯერ პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს, შემდეგ კი მთავრობა პარლამენტს გადაუგზავნის კენჭისსაყრელად. დღევანდელი მდგომარეობით, საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოცხადებული. დახურულია სურსათისა და სააფთიაქო ქსელების გარდა თითქმის ყველა დაწესებულება. გარდა ამისა, აკრძალულია 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქვეყანაში გადაადგილება, ასევე, დღის განმავლობაში სამ პირზე მეტი ადამიანის შეკრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG