Accessibility links

ჯანდაცვის მინისტრი: არ გამოვრიცხავ აღდგომის ღამეს ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს წირვა


მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ აღდგომის ღამეს ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს წირვა და ეკლესიებში მრევლი არ მივიდეს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქომ 15 აპრილს განაცხადა, რომ აღდგომის ღამით ეკლესიებში წირვა ჩატარდება, ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ ეკლესიასთან მოლაპარაკების პროცესში დადებითი დინამიკა შეინიშნება - სასულიერო პირები მრევლს საფრთხის გამო სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ, ეკლესიასთან მოლაპარაკების კუთხით, საკმაოდ დადებითი დინამიკა გვაქვს. ისინი უკვე თვითონ მოუწოდებენ მრევლს, რომ ამ საფრთხის გამო დარჩნენ სახლში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი ორი დღის განმავლობაში, ჩვენ კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ, თუ რამდენად მაღალი სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აქვთ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს მრევლს, ასევე ეკლესიასაც. აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ აღდგომის ღამეს ნამდვილად ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში წირვა და ეკლესიებში მრევლი არ მივიდეს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით,საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მრევლის ეკლესიაში ყოფნა ვირუსის გავრცელების რისკებს ზრდის.

„ყველას მოვუწოდებთ, რომ არც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე და არც 06:00-დან 21:00 საათამდე საფრთხე არ მცირდება, საფრთხე დგას. ... მიუხედავად გარკვეული დისტანცირებისა, საფრთხე რჩება, ვინაიდან ისინი 9 საათის განმავლობაში ტაძარში იქნებიან და ეს დროის მონაკვეთი ამ რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. აქედან გამომდინარე, საკუთარი ჯანმრთელობისა და ეკლესიის წევრების უსაფრთხოების დასაცავად, საუკეთესო გამოსავალია, ისინი მაქსიმალურად დარჩნენ სახლში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

15 აპრილს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის საკითხზე საპატრიარქოს პოზიცია საზოგადოებას სწორედ ანდრია ჯაღმაიძემ გააცნო.

„დიდ ტაძრებში საუბარია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაზე, პატარა ტაძრებში უნდა იყოს მაქსიმალურად მრევლი ეზოში და შესაბამისი დისტანციის დაცვით. ზოგიერთ ტაძარს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, რომ წირვა შეასრულოს დილითაც, მან უნდა შეასრულოს დილითაც", - განმარტა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

დეკანოზისგან განსხვავებულად გამოაცხადება სააღდგომო ლიტურგიის საკითხი პრმეიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა. მან საპატრიარქოს პოზიციას შეთანხმება უწოდა და აღნიშნა, რომ ერთობლივი გადაწყვეტილებით, „დიდი ზომის ეკლესიებში - 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია, ხოლო, მცირე ზომის ეკლესიებში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები".

16 აპრილს დილით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 336-მდე გაიზარდა. მათგან 74 გამოჯანმრთელებულია. 3 გარდაიცვალა.

.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG