Accessibility links

საოკუპაციო ძალებმა ქარელის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა დაიწყეს


საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების დირბის და ტახტისძირის სასოფლო ნაკვეთებში დაიწყეს. დირბელების თქმით, მათი სახნავ-სათესი მიწის ნაწილი ოკუპაციის ხაზს მიღმა ექცევა. ტახტისძირელების და დირბელების თქმით, დაახლოებით 5 ჰექტარამდე მიწის მიტაცება ხდება. სოფელში პოლიცია პატრულირებს და ჟურნალისტებს ადგილამდე მიახლოების საშუალებას არ აძლევს. ამას კი მათივე უსაფრთხოების მიზნით ხსნიან. „კამაზის მარკის მანქანით შემოვიდნენ, მოიტანეს ბოძები და დაიწყეს ჩვენი ნაკვეთების შეღობვა. გვეუბნებიან ჩვენიაო, არადა მამაპაპისეული ნაკვეთია, ოდითგანვე ვამუშავებდით და როგორ გახდა მაგათი. ქერის, ხორბლის და ლობიოს მოსაყვანად ვიყენებდით მაგ მიწას. სამი-ოთხი დღეა რაც გამოჩნდნენ და მუშაობენ“, - ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები. დირბელების თქმით, მინდორში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ძელები უკვე ჩასვეს და მალე ალბათ მათზე ღობეებსაც დაამონტაჟებენ.

„მიმდინარე წლის 17 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ განახორციელეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. აღნიშნულის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები. მსგავსი უკანონო აქტივობები, მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივების ყოველდღიურობას“, - აცხადებენ სუს-ში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG