Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბ-ნი გურული ტყუის და თან უსინდისოდ" - თენგიზ ცერცვაძე პლაქვენილით მკურნალობის თემაზე ზურაბ გურულს პასუხობს


ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაზე, რომელიც საქართველოში კორონავირუსის საკითხზე შექმნილ კლინიკური კონტროლის ჯგუფს ხელმძღვანელობს განცხადებას აქვეყნებს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმის, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორის, ზურაბ გურულის „ფეისბუკის“ პოსტის საპასუხოდ.

„თავის პოსტში ბ-ნი ზურაბი სიტყვა-სიტყვით ამბობს, რომ თითქოს ქართული პროტოკოლი ითვალისწინებს პლაქვენილის დანიშვნას უსიმპტომო, ჯანმრთელი COVID-19-ით ინფიცირებული პირებისთვის, რომელთა CT (კომპიუტერული ტომოგრამა) ნორმალურია და რომ „ეს აბსოლუტურად მიუღებელია“. ის ასევე ამბობს, რომ პლაქვენილს არავითარ შემთხვევაში არა აქვს საპროფილაქტიკო დანიშნულება და რომ უსიმპტომო COVID-19-ს მკურნალობა არ სჭირდება.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს ყველაფერი 100%-ით ფაქტობრივი ტყუილი და გამიზნული დეზინფორმაციაა. ბ-ნი გურული ტყუის და თან უსინდისოდ. კერძოდ:

ჩვენს პროტოკოლში ძალიან მკაფიოდ და ცალსახად წერია, რომ უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტები პლაქვენილით მკურნალობას არ საჭიროებენ და პლაქვენილი ინიშნება მხოლოდ საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე (კრიტიკული) მიმდინარეობის მქონე COVID-19-ით პაციენტებში და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით. იქვე ასევე ცალსახად წერია, რომ „კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID-19-ის საპროფილაქტიკოდ“ და ა.შ.

ზემოთ აღნიშნულის სისწორეში შეიძლება დარწმუნდეს ნებისმიერი მსურველი, ვინც გაეცნობა COVID-19-ის კლინიკური მენეჯმენტის ქართულ პროტოკოლს, რომელიც განთავსებულია ჩვენი ცენტრის და ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდებზე და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ბუნებრივია ისმება კითხვა - რატომ დასჭირდა ბ-ნ გურულს, რომელმაც იმედი გვაქვს წერა-კითხვა იცის „თეთრზე შავის“ თქმა? ვფიქრობთ, კომენტარი აქაც ზედმეტია”, - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

კლინიცისტის განცხადებაში აშშ-სა და საქართველოში COVID -19-ით ინფიცირების შედეგები არის შედარებული:

„ცნობისთვის აშშ-ში, რომელიც საქართველოზე ეკონომიკურად შეუდარებლად უფრო ძლიერი ქვეყანაა და გაცილებით უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემა აქვს, ა.წ. 20 აპრილისთვის COVID-19-ით 770,564 ავადმყოფია და მათგან 41,114 გარდაცვლილი (5,3%), ხოლო საქართველოში COVID-19-ით სულ 399 ავადმყოფია და მათგან მხოლოდ 4 გარდაცვლილი (1%). სხვა გათვლებით აშშ-ში ყოველ მილიონ მოსახლეზეCOVID-19-ისგან 125 გარდაცვლილი ავადმყოფია,ხოლო საქართველოში ყოველ მილიონ მოსახლეზე - მხოლოდ 1 გარდაცვლილი. კიდევ სხვა გათვლით - საქართველოში 4 გარდაცვლილის ასაკი 73, 79, 81 და 86 წელია, მაშინ როდესაც აშშ-ში ოფიციალური მონაცემებით გარდაცვლილთა 20% არის 20-64 წლამდე ასაკის. საინტერესოა, რით ახსნიან ამას ბ-ნი გურული და მისი თანამოაზრეები და ხომ არ სჯობს ბ-ნმა გურულმა თავისი „მდიდარი ცოდნა და გამოცდილება“ იმ ქვეყანაში მაჩვენებლების გაუმჯობესებას მოახმაროს, სადაც ის საქმიანობს“.

საქართველოს საპასუხო ნაბიჯების შესახებ თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში ვკითხულობთ: „აქვე გვინდა ვუპასუხოთ ჩასაფრებული ადამიანების ერთ მოსალოდნელ რეპლიკას: „რა, თქვენ აშშ-ს ედრებით და მასზე უკეთესები ხართ?“ კატეგორიულად არა. აშშ ჩვენზე შეუდარებლად ძლიერი ქვეყანაა და ჩვენზე უკეთესი ჯანდაცვაც აქვს, მაგრამ კონკრეტულად COVID-19-ის ეპიდემიის საპასუხო ღონისძიებები, მათ შორის დაავადების კლინიკური მენეჯმენტი საქართველოში ბევრად უკეთესია და მთელი მსოფლიო ასე თვლის. ცნობისთვის გავლენიანი ამერიკული გამოცემა Foreign Policy საქართველოს ასახელებს COVID-19-თან ბრძოლაში მსოფლიოში ხუთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანას შორის. საქართველოს მიღწევებს COVID-19-თან ბრძოლაში ცალსახად მაღალ შეფასებებს აძლევენ ჯანმო-ს ხელმძღვანელობა და მსოფლიოს მთელი რიგი ქვეყნები და ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტები. აშშ-ს და მთელი მსოფლიოს უპირობო ლიდერი - ექსპერტი COVID-19-ის დარგში პროფესორი Anthony Fauci, რომელთანაც 20 წლის ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს, ა.წ. 15 აპრილს ჩვენს სახელზე გამოგზავნილ იმეილში სიტყვა-სიტყვით წერს „I am pleased to see that Georgia has controlled the outbreak very well”.

ცერცვაძე ცალკე გამოყოფს პლაქვენილით მკურნალობის საკითხს:

„ახლა რაც შეეხება პლაქვენილის ავკარგიანობას.

არავის, მათ შორის არც ჩვენ არასდროს უთქვამს, რომ პლაქვენილი COVID-19-ის სამკურნალოდ იდეალური საშუალებაა. უბრალოდ, ჩვენც და მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა (შესაძლოა რემდესივირის შემდეგ) იმ 15-ზე მეტ მედიკამენტს შორის, რომელთა კვლევაც მიმდინარეობს და რომლებიც მართალია ვერ უზრუნველყოფენ განკურნებას, მაგრამ ამსუბუქებენ დაავადების მიმდინარეობას და ამცირებენ ლეტალობას. ჩვენს პროტოკოლშიც სიტყვა-სიტყვით ასე წერია. ამასთან ისიც წერია, რომ COVID-19-ის ეფექტიანი სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა ჯერ-ჯერობით ოფიციალურად დამტკიცებული არ არის.

ჩვენ პლაქვენილს ჯერ კიდევ ა.წ. თებერვლიდან ვიყენებთ და როგორც შედეგებმა უჩვენა, წარმატებით. ჩვენი არჩევანის სისწორე „მარსელის უსუსური, სასოწარკვეთილი პროტოკოლის“ (ბ-ნი გურულის სიტყვებით) გარდა, დაადასტურა აშშ FDA-ის ა.წ. 28 მარტის გადაწყვეტილებამ, რომელმაც კვლევაში მყოფი მედიკამენტებიდან რეკომენდაცია სწორედ პლაქვენილის გამოყენებას მისცა. საინტერესოა, ბ-ნი გურული FDA-საც „უსუსურ“ და „იდეოლოგიურ-ფსიქოლოგიურად გახრწნილ“ ინსტიტუტად მიიჩნევს? აღარაფერს ვამბობთ ბ-ნი ტრამპის ა.წ. 19 მარტს გაკეთებულ განცხადებაზე, რომლითაც მან ყველას მოუწოდა COVID-19-ის სამკურნალოდ დაუყოვნებლივ დაეწყოთ პლაქვენილის გამოყენება. მართალია, ბ-ნი ტრამპი ექიმი არ არის, მაგრამ არ გვგონია, რომ მისი მრჩევლები მედიცინის დარგში ბ-ნ გურულზე ნაკლები კომპეტენციის არიან. პლაქვენილს ფართოდ იყენებენ აგრეთვე ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, დანია, ჩინეთი, იტალია და ბევრი სხვ“.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობაზეც ამახვილებს ყურადღებას: „და ბოლოს, ურწმუნოების საყურადღებოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჯანდაცვის სისტემის საქმიანობის ეფექტიანობა დადებული შედეგებით ფასდება. საქართველოში 20 აპრილისათვის სულ 399 COVID-19-ით ავადმყოფია და მათგან მხოლოდ ოთხია გარდაცვლილი. ამ შედეგებით საქართველო ევროპის რეგიონში 53 ქვეყანას შორის 49-ე ადგილზეა და ჩვენზე ნაკლები ავადმყოფი და გარდაცვლილი ჰყავთ მხოლოდ ე.წ. „ჯუჯა სახელმწიფოებს“ - ლიხტენშტეინს, მონაკოს, ვატიკანს და მონტენეგროს. ასეთია სიმართლე, რომლისთვისაც თვალის გასწორება ბ-ნ გურულს და სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანებს ძალიან უჭირთ“.

17 აპრილს ზურაბ გურულმა „ფეისბუკზე" დაწერა: „თბილისელო კოლეგებო, არ ვიცი რომელმა თქვენგანმა შეიმუშავეთ პროტოკოლი, მაგრამ უსიმპტომო, ჯანმრთელი ახალგაზრდებისათვის (ძველგაზრდებისათვისაც), რომელთა CT ნორმალურია და დაავადება პრაქტიკულად უჩინრად მიმდინარეობს, პლაქვენილის დანიშვნა არის აბსოლუტურად მიუღებელი.

პლაქვენილს აქვს თავისი განსაკუთრებული დანიშნულება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საპროფილაქტიკო.

და კიდევ, პლაქვენილი რამდენიმე დღეში თუ არა, კვირაში ოფიციალურად იქნება მიჩნეული როგორც გაუგებარი და მინიმალური ეფექტის მქონე მედიკამენტი კოვიდის სამკურნალოდ.
ასკაციანი კვლევების შედეგები დაიდება მარსელის უსუსური, სასოწარკვეთილი პროტოკოლის საპირწონედ".

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 24 მარტს დამტკიცებულ კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტში (პროტოკოლში) ვკითხულობთ: „მსოფლიოში არსებული გამოცდილებით და სხვადასხვა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით COVID-19-ის ყველაზე ეფექტიან სამკურნალო მედიკამენტად ითვლება ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი). უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტები ჰიდროქსიქლოროქინით (პლაქვენილით) მკურნალობას არ საჭიროებენ. მსუბუქი მიმდინარეობის COVID-19-ით პაციენტებში ჰიდროქსიქლოროქინით (პლაქვენილით) მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად. საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე (კრიტიკული) მიმდინარეობის COVID-19-ით პაციენტებში ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) ინიშნება სქემით”.

პროტოკოლში, გარდა ამისა, ნათქვამია, რომ „ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) გამოიყენება COVID-19-ის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით. კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID19-ის საპროფილაქტიკოდ, ვინაიდან მისმა არამიზნობრივმა გამოყენებამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ამ პიროვნების ჯანმრთელობას. ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ორსულ ქალებში და ამ მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG