Accessibility links

ირმა ინაშვილი: ჩვენი ამოცანაა ეპიდემიასთან დაპირისპირება და არა ხალხის ტანჯვა


ირმა ინაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისკენ მოუწოდებს. საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ მხარს არ დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას და მიიჩნევს, რომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა კარანტინის პირობების დაცვით იქნება შესაძლებელი:

„ჩვენ, მაგალითად, არ მიგვაჩნია სწორად საერთოდ კომენდანტის საათი და ვერ ვხსნით მის საჭიროებას. არ მიგვაჩნია ასევე სწორად ავტომანქანების გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე. ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა, არის დავუპირისპირდეთ ეპიდემიას, მაგრამ ჩვენი ამოცანა არ არის დავტანჯოთ ადამიანები...

ასევე არ არის სწორი, ჩვენი აზრით, რომ საკვები პროდუქტების მაღაზია მუშაობს და, მაგალითისთვის, აკრძალულია სხვა პროფილის მაღაზიების მუშაობა, თუკი დაცულია დისტანცირება, დაცულია ექიმების რეკომენდაცია. მაგალითად, თუ ადამიანს გაუფუჭდება ტელეფონი, მას ვერც იყიდის, ვერც ვერავის შეაკეთებინებს და სასწრაფოში ვერ დარეკავს, თუ ცხელი წყლის ავზი გაუფუჭდება, ვერ გამოცვლის, ვერ შეაკეთებს და ჰიგიენის ნორმებს ვერ დაიცავს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მან პარლამენტს მოუწოდა, ასევე, იფიქროს საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი 3000-ლარიანი ჯარიმების გაუქმებასა და ჩამოწერაზე.

საქართველოს პარლამენტი ამ წუთებში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხს განიხილავს. მთავრობა შეზღუდვების ერთი თვით გაგრძელებას ითხოვს.

დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების საკითხზე ჯერ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა, შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG