Accessibility links

სააპელაციო განმარტავს, რომ "ანას ბაღთან" მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება არ გამოუტანია


თბილისის სააპელაციო სასამართლო უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან თავისი გადაწყვეტილებით “ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა. სასამართლოს თანახმად, სახეზეა გადაწყვეტილების არასწორი სამართლებრივი და ფაქტობრივი ინტერპრეტაცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2020 წლის 27 აპრილს განიხილა კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის იმ განჩინების გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა მშენებლობა "ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა აღნიშნული კერძო საჩივარი და საქმე განსახილველად კვლავ საქალაქო სასამართლოს დაუბრუნა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით უნდა შეაფასოს, რამდენად დაცულია პროპორციულობა კერძო პირთა და საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს შორის.

„ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს არ გადაუწყვეტია მშენებლობის გაგრძელების ან შეჩერების საკითხი.სასამართლო მოუწოდებს მხარეებს და ყველა დაინტერესებულ პირს თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამშენებლო კომპანიას "ანას ბაღი" მიმდებარედ, კორპუსის აშენების უფლება აღუდგინა, 29 აპრილს გახდა ცნობილი.

"ანას ბაღის" დამცველები არ ვაპირებთ შევეგუოთ უსამართლობას, არ დავუშვებთ მშენებლობის გაგრძელებას, გვაქვს იმედი ფართო საზოგადოების მხარდაჭერის", - წერდნენ ანას ბაღის დამცველების ფეისბუკის გვერდზე.

ვარკეთილში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის უფლება თბილისის საქალაქო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თებერვალში შეაჩერა.

ბაღის მიმდებარე ტერიტორია 2016 წლის მიწურულს გასხვისდა. ამის გამო 2018 წელს ადგილობრივებმა მერიას საჩივრით მიმართეს. მაშინ საჩივარი დაკმაყოფილდა, მაგრამ მოგვიანებით სამშენებლო კომპანია "ევროპულმა სამშენებლო ჰოლდინგმა" ისევ მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და კიდევ ერთხელ მიიღო მშენებლობის უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG