Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე ელჩებს სთხოვს დაადასტურონ, რომ ოპოზიციასთან შეთანხმებაში პატიმრების საკითხი არ ჩაწერილა


არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

"დადასტურებული ხელმოწერით ჩვენ არ აგვიღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება", - აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე. იგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების მონაწილე ელჩებს სთხოვს, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს და დაადასტურონ, რომ მასში ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულება არ ჩაწერილა:

„კერძოდ, ვთხოვთ მათ საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით ჩვენ არ აგვიღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას განთავისუფლების ვალდებულება. ასევე ვთხოვთ მათ ობიექტურად შეაფასონ თითოეული ხელმომწერის როლი ამ შეთანხმების შესრულების პროცესში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

მისი შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია სარგებლობს იმით, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დახურული იყო, ხოლო დიპლომატიური წესები ელჩებს ამგვარი შეხვედრების შინაარსის გასაჯაროებისკან მაქსიმალურ თავშეკავებას მოითხოვს.

არჩილ თალაკვაძის თანახმად, ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის შეთანხმების ტექსტი ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია:

"ხაზგასმით ვაცხადებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება თუ ასეთი მოხდება მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძე,

2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ.

შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიცია შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ მთავარ პირობად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ასახელებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დოკუმენტში ამგვარი დათქმის არსებობას უარყოფენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG