Accessibility links

კახიძე ივანიშვილს სენატორ რიშზე: სანქციების სიაში ეგ კაცი ამატებინებს გვარებს, საშიში ვინმეა


„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ოთარ კახიძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი ჯეიმს რიშის მიერ 8 მარტის შეთანხმების შესრულების მოლოდინის საკითხზე გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

„ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ პოსტში ოთარ კახიძე ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, არ დაუჯეროს ირაკლი კობახიძეს, ლაშა ნაცვლიშვილს. გოგა ხაინდრავას და გაითვალისწინოს, რომ ჯეიმს რიში „ვიღაც რიგითი სენატორი“ კი არ არის, არამედ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა:

„სანქციების სიაში ეგ კაცი ამატებინებს გვარებს, მართლა. ძაან საშიში ვინმეა და არ უყვარს მიკიბ-მოკიბული საუბარი, მოკლედ, ყური-მური არ იცის.

ეგ იდიოტები მერე გეტყვიან, გავასაჩივროთ სანქციები ამერიკის სასამართლოში, დერიპასკამ ეგრე ქნაო, სახაზინო დეპარტამენტს არ ჰქონდა თქვენი ფულის გაყინვის უფლებაო, და ქეშად რაც დაგრჩებათ გადანახული, იმას დაგახარჯინებენ.

აი, დამატებით ლობისტებში რომ მილიონები გადაგაყრევინეს, ეგრე.

ჰოდა, კიდევ ერთხელ გიმეორებთ - არ დაუჯეროთ მაგათ არაფერი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს დაუჯერეთ პირდაპირ. ქვეყნისთვისაც ასე აჯობებს და თქვენთვისაც“, - წერს ოთარ კახიძე ფეისბუკში.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯეიმს რიში საქართველოში პოლიტიკური პარტიებისგან მოელის მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და პროგრესს ახალი საარჩევნო სისტემისკენ.

სენატორმა რიშმა ამ შინაარსის განცხადება ტვიტერზე გამოაქვეყნა საქართველოში აშშ-ის საელჩოს 11 მარტის განცხადებასთან ერთად.

საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებას აუცილებლად მიიჩნევს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერიც.

8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება და იმოქმედებს ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ეხება „პოლიტპატიმრების“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას. „ქართულ ოცნებაში“ ასეთ ვალდებულებას უარყოფენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG