Accessibility links

ვოლსკი: ფაქტები მეტყველებენ, რომ ოპოზიციის მთავარ მიზანს მაინც დესტრუქცია წარმოადგენს


პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ კონსტრუქციული შეთანხმება, რომელიც საარჩევნო სისტემასა და კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით შედგა და რომელიც მთელმა მსოფლიომ აღნიშნა, უნდა გატარდეს ცხოვრებაში.

„იმედი გვაქვს სხვა კოლეგების მხარდაჭერის, იმედი გვაქვს, ოპონენტები, ვინც დღეს გამოდიან ესოდენ ხისტად, დაფიქრდებიან უპირველეს ყოვლისა საქართველოს, ქვეყნის ინტერესებზე და აქედან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა მან.

დეპუტატის თქმით, ფაქტები იმაზე მეტყველებენ, რომ ოპოზიციის მთავარ მიზანს მაინც დესტრუქცია წარმოადგენს, ვინაიდან დარწმუნებული არ არიან გამარჯვებაში.

„რაც დრო გადის, სულ მეტი და მეტია მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დესტრუქცია არის ერთადერთი გზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ფორმულით და სისტემით, რომელსაც ისინი მხარს უჭერენ, ალბათ, გამარჯვების იმედიც უნდა ჰქონდეთ და შემდეგ საზოგადოება თუ გადაწყვეტს, რომ ადამიანები, რომლებსაც ისინი ასახელებენ, არიან პოლიტიკური პატიმრები, კიდევ სხვა ნიშნებით მხარს დაუჭერენ და ალბათ განახორციელებენ შემდეგ იმ უკანონო ბრძანებას, რასაც მოუწოდებენ ჩვენს ხელისუფლებას. მაგრამ ეს პერსპექტივა გამარჯვების რომ არ არსებობს, საფუძველს მაძლევს, რომ კიდევ ერთხელ და რამოდენიმეჯერ გავიმეორო, რომ სწორედაც უპერსპექტივობა განაპირობებს დესტრუქციას, რომელსაც გვთავაზობენ ჩვენი ოპონენტები“, - თქვა გიორგი ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მტკიცებით, ხელისუფლება სრულად ასრულებს თავის ვალდებულებას, ამასთანავე, კატეგორიულად გამორიცხავს იმას, რომ პოლიტიკური რესურსის ჩარევა მოხდეს მართლმსაჯულების სისტემაში: „ასეთი რამ არ უნდა იქნეს დაშვებული, ასეთი პრაქტიკა ჩვენ დიდი ხანია ამოვიღეთ ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრებიდან“.

ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად კონსულტაციები 13 მაისს განაახლეს. ისინი ითხოვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეასრულოს 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე ნაწილი.

შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG