Accessibility links

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე: საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს


საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება/გავრცელებასა და ტრეფიკინგში ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკება მიმდინარეობს.

პროკურატურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება/გავრცელების და ტრეფიკინგის ბრალდებით 2019 წლის აგვისტოს და სექტემბერში დააკავეს აშშ-ის ერთი და საქართველოს რვა მოქალაქე (დაზარალებული ბავშვების მშობლები), ხოლო ერთი პირი - დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე.

ამავე საქმეზე 2019 წლის დეკემბერში დააკავეს საქართველოს თერთმეტი მოქალაქე, რომელთაგან ათი დაზარალებული ბავშვების მშობელია, ხოლო ერთი სკოლის მასწავლებელი.

ბრალდებულები სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე დააკავეს.

როგორც პროკურატურა იტყობინება, აღნიშნული საქმე, დაკავების თარიღებისა და პატიმრობის ვადების გათვალისწინებით სასამართლოში წარიმართა ორ სისხლის სამართლის საქმედ.

„ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ბრალდებულია აშშ-ის ერთი და საქართველოს ცხრა მოქალაქე, ბრალდებულები ინანიებენ და აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს, თანამშრომლობენ ბრალდების მხარესთან და სურთ მათთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება რეალურ სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, ამერიკის მოქალაქესთან მიმართებით საუბარია 10 წლით თავისუფლების აღკვეთაზე, ფულად ჯარიმაზე და ქონების ჩამორთმევაზე.

რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში საუბარია 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთაზე დანაშაულის როლის გათვალისწინებით, ასევე, დამატებით 5 წლამდე პირობით მსჯავრზე, ფულად ჯარიმებზე და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული უძრავ-მოძრავი ქონებების ჩამორთმევაზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული არცერთი პირი წარსულში ნასამართლევი არ არის“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG