Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრიუს კუბილიუსი: მჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველო მზად იქნება, გახდეს ევროკავშირის წევრი


ანდრიუს კუბილიუსი
ანდრიუს კუბილიუსი

13 მაისს ევრონესტში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ, ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, თუ როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და პანდემიით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაში.

კუბილიუსის თქმით, ევროკავშირმა სწრაფად მიიღო მრავალრიცხოვანი ზომები აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების დასახმარებლად.

მთლიანობაში ევროკავშირი 3 მილიარდ ევროს გამოყოფს ევროკავშირის მთელი სამეზობლოსთვის და აქედან 962 მილიონი განკუთვნილია აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვის.

კუბილიუსმა ხაზი გაუსვა უზარმაზარი მასშტაბის დახმარებას, რომელსაც ევროკავშირი და მისი საერთაშორისო პარტნიორები უწევენ საქართველოს რეფორმების გატარებაში და COVID-19-თან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.

„ამ მხარდაჭერის საკვანძო მნიშვნელობის კომპონენტი მიბმულია საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, საარჩევნო რეფორმის, ეკონომიკური მართვისა და გამჭვირვალობის სფეროებში.

როგორც კუბილიუსის განცხადებაში ვკითხულობთ, ევროკავშირი კორონავირუსის კრიზისის დასაწყისიდანვე, 2020 წლის მარტიდან უდგას მხარში საქართველოს.

„მან მაშინვე დაიწყო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, დაუცველი ჯგუფების დახმარება და მცირე და საშუალო საწარმოების დახმარება - მთლიანობაში 90 მილიონი ევროთი“, წერს ანდრიუს კუბილიუსი.

ამავე დროს განცხადებაში ლაპარაკია მომავალ პროგრამებზე, რომელთა ფარგლებში ევროკავშირი მიზნობრივი გრანტებით „მხარს დაუჭერს საქართველოში სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოებას და სოციალურ მეწარმეობას, სოციალურ სერვისებს და ადამიანის უფლებების დაცვას.“

ევროპარლამენტის წევრის თქმით, გარდა პირდაპირი დახმარებისა, ევროკავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა მათ საქართველოს გაუზარდონ პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხების მოცულობა.

კუბილიუსის თქმით, „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბიუჯეტისთვის გაწეული დახმარების ნაწილი მიბმული იქნება კონკრეტულ პირობებს საქართველოსთვის, კერძოდ მიმდინარე რეფორმების გატარებასთან კანონის უზენაესობის სფეროში, სასამართლო და საარჩევნო რეფორმებთან.“

გარდა ამისა, ანდრიუს კუბილიუსმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი დათანხმდა, საქართველოსთვის მიმდინარე პროგრამა გაზარდოს 345 მილიონი ევროთი, საიდანაც 280 მილიონზე მეტი 2020 წელს გამოიყოფა.

კუბილიუსი შიშობს, რომ კორონავირუსის კრიზისის გამო მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის აღმოსავლეთის სამეზობლოში და საქართველოში, ბევრი ადამიანი დაკარგავს სამსახურს და ბიზნესს. ამიტომ სახელმწიფო ინსტიტუტებს მოუწევთ ყველა სოციალური და ეკონომიკური საშუალებების გამოყენება ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

„ამ მოულოდნელი უზარმაზარი გამოწვევის გადასალახად ერთადერთი საშუალებაა ევროპული სოლიდარობის გზა... მე გულწრფელად მჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით საქართველო მზად იქნება, გახდეს ევროკავშირის წევრი.

დასასრულ, ანდრიუს კუბილიუსმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე.

„ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ნდობის ატმოსფეროში, რათა დავიცვათ დემოკრატია და მიზანს მივაღწიოთ. ამ ნდობის გამყარება შეიძლება მხოლოდ ნაკისრი ვალდებულებებისა და დაპირებების შესრულებაში წინსვლით, მათ შორის მათი, რომლებიც მიღწეულ იქნა 2020 წლის 8 მარტს საქართველოს ყველა მთავარ პოლიტიკურ პარტიას შორის,“ განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ევრონესტში ევროპარლამენტის დელეგაციის თამჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG