Accessibility links

კობახიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების რესურსი აქვთ


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილებისთვის „ქართული ოცნება“ დეპუტატთა საკმარისი რაოდენობის მობილიზებას შეძლებს.

„ძალიან სამწუხაროა კახა ოქრიაშვილის განცხადება. ჩვენ გვექნება პრინციპული პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. თუმცა, თუ იქნება ყველა სხვა პარლამენტარების მხარდაჭერა, მათ შორის, ოპოზიციიდან, გარდა იმ პოლიტიკური პარტიებისა, რომლებიც აგრძელებენ სპეკულაციებს, ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც გვაქვს რესურსი, რომ დამოუკიდებელ დეპუტატებთან და დამატებით, ორ ფრაქციასთან ერთად, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები. ამისთვის საკმარისია ხმების რაოდენობა. რეზერვში რჩება რამდენიმე ხმაც კი. თუ ყველა მათგანი მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას, ამ შემთხვევაში ეს ცვლილება აუცილებლად დამტკიცდება. ჩვენ გვაქვს ამ ოპტიმიზმის საფუძველი“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ.

შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს. სწორედ, ამ მიზეზით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოს“ ფრაქციები საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერას არ აპირებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომელიც მაჟორიტარული სისტემის მომხრეა, ამბობს, რომ ოქრიაშვილი ასევე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებიით ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს და მხარს არ დაუჭერს. გარდა ამისა, მისი აზრით, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG