Accessibility links

პრეზიდენტი უგულავას და ოქრუაშვილს იწყალებს


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს იწყალებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება იოლი გასაგები არ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიოს. სანამ ავხსნი ჩემს ამ ურთულესი გადაწყვეტილების მიზეზს, უნდა განვმარტო კიდევ ერთხელ, ყველას გასაგებად შეწყალების არსი: არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ ჩემი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი ამბობს: „პოლიტიკოსი, რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი დანაშაულისთვის სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება. იგი მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია. ამ თემით სპეკულირება ქვეყნის დისკრედიტაციას ემსახურება. ამდენად მიუღებელია და უნდა დასრულდეს. არ ვიწყალებ უდანაშაულო ადამიანებს. შეწყალება არ ნიშნავს სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვას. დამნაშავე დამნაშავედ რჩება, სასჯელისგან თავისუფლდება და არა დანაშაულისგან. არავითარ შემთხვევაში შეწყალება დამნაშავის გამართლებას არ ნიშნავს... არ ვიწყალებ სხვისი თხოვნით, კარნახით, რეკომენდაციით, შიშით თუ კიდევ რამ და ეს ბევრჯერ დავამტკიცე."

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოჰყვა ევროპარლამენტის და აშშ-ის კონგრესის მხრიდან 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მიმართულ მოწოდებებს.

2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ.

8 მარტის შეთანხმების პირველი ნაწილის თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი, სადაც ეწერა, რომ "აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.."- პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებდა, და პრეზიდენტის როლის აღნიშვნა, მიუთითებდა მის მიერ შეწყალების უფლების გამოყენების შესაძლებლობაზე;

ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესახებ პროცესის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება 11 მაისს გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩებს სთხოვა დაედასტურებინათ, რომ შეთანხმება არ ითვალისწინებდა პოლიტპატიმრების გათვისუფლების საკითხს;

„მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია. ის ერთნაირად მოიწონა, როგორც ქართველმა ხალხმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ელჩების ერთობლივ განცხადებას მოყვა გამოხმაურება ვაშინგტონიდან და ევროპის დედაქალაქებიდან; ევროპარლამენტარების და აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებებში პირდაპირ იყო ნახსენები პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოლოდინი.

პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არ მოხვდა გიორგი რურუა. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მას სასჯელი ჯერ არ აქვს მისჯილი. საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მსჯავრდებული პირების შეწყალება შეუძლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG