Accessibility links

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებს საკონტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ


"საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონს, მიღების შემთხვევაში, საკონტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი თინა ბოკუჩავა. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სიტყვით გამოსვლისას.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენის წინ მისმა ინიციატორებმა ე.წ. ჩამკეტი ვადა დათქვეს. ეს კანონის ანტიკონსტიტუციურობას მაინც ვერ შველის.

„ჩვენ ვაპირებთ პარლამენტის დეპუტატებთან კონსულტაციების დაწყებას იმისთვის, რომ მოგროვდეს პარლამენტის დეპუტატთა 1/5 - ეს არის 30 დეპუტატი, იმისთვის, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. დროის ჩამკეტის მიუხედავად, ეს კანონი მაინც არაკონსტიტუციურია უფლებრივ ნაწილში, ისევე როგორც უწყებრივ ნაწილში, როდესაც ხდება პარლამენტის როლის დაკნინება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ის იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტში მოიძებნება 30 დეპუტატი, რომელიც ყოველგვარი პარტიული ინტერესის გარეშე ხელს მოაწერს საკონსტიტუციო სარჩელს.

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონით მთავრობას მოქალაქეების საგანგებო მდგომარეობის ვადის მიღმა შეზღუდვა 15 ივლისამდე შეეძლება.

მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას აღარ გეგმავს. თუმცა სურს, რომ 22 მაისის შემდეგ კვლავ ჰქონდეს რიგი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა ისე, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აღარ მოუწიოს.​

ოპოზიციის წარმომადგენელებს მიაჩნიათ, რომ დაგეგმილი ცვლილებები კონსტიტუციასთან შეუთავსებელია, რადგან რიგი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვაზეა საუბარი. ამ დრომდე უმრავლესობა მსგავსი რეგულაციის განუსაზღვრელი ვადით ჩადებას ფიქრობდა, თუმცა ოპოზიციის კრიტიკის შემდეგ კონკრეტული ვადის ჩადების შესახებ თქვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG