Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს აეჭვებს საქართველოში COVID-19-ის სტატისტიკის სიზუსტე


არსენ ტოროსიანი
არსენ ტოროსიანი

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს, არსენ ტოროსიანს, COVID-19-ზე საქართველოს სტატისტიკა აეჭვებს:

„ინფორმაცია განსჯისთვის: როცა ჩვენ საქართველოდან სომხეთში შემოსულ მძღოლებს ვუტარებთ ტესტირებას, უმრავლეს შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებას ვადგენთ. ასე რომ, განა დასაჯერებელია, რომ საქართველოში დღეში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 1-2 შემთხვევა დასტურდება? თუ სინამდვილეში ყველა ინფიცირებულის გამოვლენა და შემდეგ სტატისტიკაში ასახვა არ ხდება?“ - განაცხადა მინისტრმა.

საინფორმაციო სააგენტო Arminfo-ს თანახმად, საზოგადოებრივი საბჭოს მიერ მოწყობილ ონლაინშეხვედრაზე არსენ ტოროსიანმა რამდენიმე შეკითხვა დასვა: მათ შორის, გამოყენებული იყო თუ არა საქართველოში ინფიცირების ყველა შემთხვევაში PCR ტესტები, თუ საუბარია სწრაფ ტესტებზე, რომლებსაც, მისი თქმით, დაბალი სანდოობის გამო, სომხეთში პრაქტიკულად არ ხმარობენ. მინისტრს აინტერესებს ასევე, უტარდებათ თუ არა კორონავირუსზე ტესტირება იმ პირებს, ვისაც ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვთ და შედიან თუ არა სტატისტიკურ მონაცემებში ისინი, რომლებიც პნევმონიისგან გარდაიცვალნენ, მაგრამ COVID-19 დადასტურებული ჰქონდათ.

Arminfo-ს ცნობით, საქართველოსა და სომხეთს შორის კორონავირუსის მეთოდოლოგიის განსხვავებაზე საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია:

„საქართველოს ჯანდაცვისა და ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა მკვეთრად განსხვავდება სომხეთის სისტემისგან, თანაც არა კარგი კუთხით. ჩვენი სისტემა უფრო ძლიერია და ეს ფაქტია“, - განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

Arminfo-ს თანახმად, არსენ ტოროსიანი დაინტერესდა იმითაც, შეძლებენ თუ არა საქართველო და სხვა ქვეყნები კოვიდ-19-ის გავრცელების არსებული მონაცემების შენარჩუნებას ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ.

სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 5928 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 2874, გარდაცვლილია - 74.

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 723 ადამიანს, გამოჯანმრთელებულია 495, გარდაცვლილია - 12.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG