Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებელი


ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის ოთარ კახიძის შეკითხვას უპასუხა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. ოპოზიციის წარმომადგენელი დაინტერესდა, საპენსიო ფონდში იძულებით დაგროვილია 772 მილიონი ლარი, რატომ არ უბრუნებენ მას მოსახლეობას.

„საპენსიო რეფორმა საერთოდ ქვეყნის ფინანსური მდგრადობისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ძალიან კარგად მახსოვს, საპენსიო რეფორმის შესახებ მსჯელობა როცა მიდიოდა, მაშინ, ეკონომიკის სამინისტროდან ახალ სამინისტროში გადასვლის პროცესში ვიყავი. დაწერის პროცესში აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული. თქვენ (კონკრეტულად ვერ ვამბობ), ყოველთვის გქონდათ პოზიცია, რომ „ამის გაკეთება არ შეიძლება, იმიტომ, რომ პირველივე კრიზისში მთავრობა მიადგება და ამ საპენსიო ფონდს დახარჯავსო და ხალხნო, პრობლემა იქნება იმაშიო, რომ ახლა ფულს აგროვებენ და როგორც კი კრიზისი დადგება, მთავრობა ამ ყულაბას გახსნის და ამ ფულის ხარჯვას დაიწყებსო“. ეს იყო ყველაზე დიდი არგუმენტი, რომელსაც თქვენ ამბობდით.

რაც შეეხება მეორე არგუმენტს, რომ ეს ფული ახლა უფასურდებაო. რომ იცოდეთ, საშუალო წლიური ზრდა ამ ფულის განთავსებით არის 14%. კურსთა შორის სხვაობის შედარება, საპენსიო ფონდის გადაყვანა უცხოურ ვალუტაში ეკონომიკურად საერთოდ ნონსენსია. ჩვენ ლარის სივრცეში ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და ხელფასსაც ლარში ვიღებთ და არა დოლარში. ამიტომ, საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებელი. ვერასოდეს ვერავინ საპენსიო ფონდს ვერ შეეხება. ამ ქვეყანაში დადგენილი წესია“, - თქვა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანას არ აქვს ის ბუნებრივი რესურსები, რომ ათობით მილიარდი რეზერვი დააგროვოს.

„საპენსიო ფონდი იქნება გარანტია, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის ხანდაზმულობის პირობებში მსგავსი ტურბულენტური კრიზისების დროს, ელემენტარული დაცულობა რომ ჰქონდეს. არამხოლოდ ის, რასაც ჩვენ პენსიას ვეძახით - სოციალური გადახდები. შეიძლება, შეკითხვები იყოს, ნებაყოფლობითი უნდა იყოს თუ არა. ამ პარლამენტმა კანონი მიიღო და ფონდში დაგროვილია 772 მილონი ლარი. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ხანდაზმულობის პერიოდში დასახარჯი ფული და არა დღეს, კრიზისში, როდესაც ეს ფული არ გჭირდება“, - აღნიშნავს პრემიერი.

მთავრობის მეთაური ოპოზიციას ადანაშაულებს პოპულიზმში. „თქვენ ადამიანებს ეუბნებით, თქვენი ფული, 772 მილიონი, სახელმწიფოს აგერ უდევს და არ ხარჯავსო. თქვენ რომ დღეს კრიზისში ხართ და სამსახური დაკარგეთ, არ გაძლევთო. არ ეუბნებით, რომ ამ მათი ფულის გარდა, კომპანიების ფულიც არის, სახელმწიფოს ფულიც არის და ეს არის ქვეყნის. მე კრიზისის სიღრმესაც ვერ ვაფასებ, არ ვიცი, 3-5 თვეში რა იქნება და დღეს მეუბნებით, რომ ეს ფული გამოვიტანო“, - თქვა გახარიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG