Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის გენპროკურორი აცხადებს, რომ პროტესტს ვითარების გასამწვავებლად იყენებენ უცხო ქვეყნებიც


აშშ-ის გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის განცხადებით, მემარცხენე რადიკალურ მოძრაობა „ანტიფასთან“ კავშირის მქონე ექსტრემისტმა აგიტატორებმა და უცხო ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედმა დაჯგუფებებმა საერთო ეროვნული პროტესტის გამოყენება სცადეს აშშ-ში ვითარების გასამწვავებლად.

ბარის თქმით, ანტირასისტული მოძრაობა „ანტიფა“, მისი მსგავსი სხვა ექსტრემისტული ჯგუფები და სხვადასხვა პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ ძალადობისკენ წაქეზებასა და მონაწილეობაში.

გარდა ამისა, გენერალური პროკურორის ინფორმაციით, უცხოური დაჯგუფებები სოციალურ ქსელებში აწარმოებენ დეზინფორმაციის კამპანიას, რომელიც 2016 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების დროს რუსეთის ხელისუფლების მიერ წარმოებული კამპანიის მსგავსია და მიზნად ისახავს ამერიკულ საზოგადოებაში შუღლის დათესვას. უილიამ ბარის განცხადებით, უცხო ქვეყნების მთავრობებთან კავშირის მქონე ჰაკერები და დაჯგუფებები ყველა საშუალებით ცდილობენ აშშ-ში შექმნილი სიტუაციის გამწვავებას.

სააგენტო Reuters-ი ყურადღებას ამახვილებს, რომ გენერალური პროკურორის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა დაასკვნა, რომ საპროტესტო გამოსვლების დროს, ძალადობრივი აქტების უმეტესობა ჩაიდინეს არა ორგანიზებულმა ექსტრემისტებმა, არამედ ცალკეულმა ავანტიურისტებმა, რომლებმაც შექმნილი ვითარებით ისარგებლეს. გარდა ამისა, მაშინ, როცა პრეზიდენტი ტრამპი და გენერალური პროკურორი ბარი ძირითადად, „ანტიფას“ ადანაშაულებენ, ლას-ვეგასის პროკურატურამ ძალადობის ბრალდება წაუყენა მემარჯვენე ექსტრემისტების დაჯგუფება „ბუგალუს“ წევრებს.

4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალურმა პროკურორმა გაამართლა 1 ივნისს, თეთრ სახლთან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება და ეს იმით ახსნა, რომ წინა დღეებში აქციები მასობრივ არეულობებში გადაიზარდა და უკონტროლო გახდა. უილიამ ბარის ინფორმაციით, ძალადობის ბრალდებით ვაშინგტონში 51 პირი დააპატიმრეს, მასობრივი არეულობების დროს კი სამართალდამცავი ორგანოების 114 თანამშრომელი დაშავდა.

4 ივნისს, „სამოქალაქო თავისუფლების კავშირმა“ და სხვა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების სახელით სასამართლოში იჩივლეს. მათი განცხადებით, პრეზიდენტმა ტრამპმა, გენერალურმა პროკურორმა ბარმა და სამართალდამცავი სტრუქტურების სხვა მაღალჩინოსნებმა კონსტიტუციით გარანტირებული სიტყვის თავისუფლების უფლება დაარღვიეს.

აშშ-ში მასშტაბური ანტირასისტული აქციები მაისის ბოლოს დაიწყო, პოლიციელის მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო. დემონსტრაციებს პერიოდულად თან ახლავს ძალადობა, მაღაზიების ძარცვა და ვანდალიზმი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG