Accessibility links

საქართველომ გადადო ისრაელიდან ტურისტების მიღება


ისრაელი აღარ იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტების მიღებას განაახლებს. მიზეზი ისრაელში ეპიდსიტუაციის გაუარესებაა.

COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღებას 1 ივლისიდან აპირებს.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან 9 ივნისს გაიმართა შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელზე საერთაშორისო ტურიზმის განახლების კრიტერიუმები განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „მიუხედავად იმისა, რომ პრიორიტეტულად განსაზღვრული ქვეყნებიდან შეთანხმება მიღწეული იყო ისრაელთან, იქ გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტურიზმის მყისიერად გახსნის შესაძლებლობა ამ ეტაპზე გადავადდა“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მაისში განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება უსაფრთხო მწვანე დერეფნების შესაქმნელად, „პირველი ასეთი ქვეყანა, როგორც ჩანს, იქნება ისრაელი“ და საქართველო ამ ქვეყნიდან ტურისტებს მიიღებს.

მაისში, ისრაელში ეპიდსიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა, ბოლო ორი კვირაა ისევ მოიმატა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა. 1 ივნისის შემდეგ 1197 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მთავრობამ ზოგიერთი შეზღუდვის გაუქმება გადადო. 10 ივნისის დილის მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსით დაინფიცირდა საერთო ჯამში, 18 268 ადამიანი. გარდაცვლილია 299.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG