Accessibility links

ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ დატოვეს „ტვ პირველი“


„ტვ პირველის“ ტოკშოუ „პოლიტმეტრის" წამყვანებმა, ჟურნალისტებმა ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ ტელეარხი დატოვეს. ჟურნალისტებმა ამის შესახებ თქვეს „ტვ პირველის“ ეთერში გასული მათი ბოლო გადაცემის დასასრულს.

ვახო სანაია: „ეს იყო „პოლიტმეტრის“ ბოლო გადაცემა „ტვ პირველზე“. როდესაც ამ შენობაში შემოვედი, „ტვ პირველი“ არც არსებობდა, მაშინ, ეს არხი ჯერ კიდევ სპორტული იყო. აქ გავატარე ჩემი ცხოვრების ხუთი წელი, ამდენი ხანი, სხვათა შორის, არცერთ ტელევიზიაში არ მიმუშავია. ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი. აქ ჩვენ, ყველამ ერთად შევქმენით საინტერესო სივრცე და გარემო. ვიყავით გავლენებს მიღმა, მოვლენების შუაგულში. იყო სხვა ფაქტორებიც: მედიასტანდარტი, ასევე ნიშა, რომლითაც „ტვ პირველმა“ საკუთარი თავი იპოვა და დაიმკვიდრა. შენებას დიდი ხანი უნდა, ნგრევას ერთი დღე ჰყოფნის; ნდობას მოპოვება უნდა, დაკარგვა ადვილია. ეს სულ გვახსოვდა წლების განმავლობაში, როდესაც სხვებთან ერთად ვმუშაობდით. მთელი ხუთი წელი ამ პრინციპებით ვხელმძღვანელობდით, სწორედ. როგორ გამოგვდიოდა, ეს თქვენი შესაფასებელია. ახლაც და მომავალშიც. თანამშრომლობის რესურსი, როგორც აღმოჩნდა, ამოწურულია. აქვე კერძო არხსაც ბუნებრივია, აქვს უფლება ისე გააგრძელოს, როგორც საჭიროდ მიიჩნევს. ჩვენც ვიყენებთ უფლებას მივიღოთ ეს გადაწყვეტილება".

ნინო ჟიჟილაშვილი: „პოლიტმეტრი“ დღეს „ტვ პირველზე“ დღეს ამ გადაცემით ასრულებს მუშაობას. მიზეზი არხის განვთარების პროცესია. ჩვენი ხედვები აღარ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს. ამ წასვლას არ ახლავს თან პერსონალური საკითხები, აქ საუბარია მხოლოდ საქმესა და ფუნდამენტურ განსხვავებებზე. „ტვ პირველში“ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მხოლოდ ჟურნალისტები, არხის ეთერში გასვლის დღიდან ჩართულნი ვიყავით თითოეულ გადაწყვეტილებაში, რომელიც აქ მიიღებოდა; სახელისუფლებო შეტევების მოგერიებაში, რაც საკმარისად იყო. ჩვენ ამ არხზე თითოეულ ნაბიჯზე ვიღებდით პასუხისმგებლობას, რაც სამწუხაროდ, ახლა უკვე აღარ გამოგვდის. ძალიან მარტივად და გულწრფელად, რომ გითხრათ, ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს ის, რაც ჟურნალისტური სტანდარტის და გემოვნების, ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით „ტვ პირველზე“ ხდება. არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით. მოკლედ, დღეს, ხუთი წლის თავზე ჩვენი გზები იყოფა. და, რა თქმა უნდა, მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც ეს არხი შექმნა და მოგვცა გავლენებისა და ყოველგვარი ჩარევის მიღმა (ამ წუთამდე) მუშაობის შესაძლებლობა, პირველ რიგში არხის დამფუძნებელს, ვატო წერეთელს. მადლობა თითოეულ ჩვენს კოლეგას, მეგობრებს".

ჟიჟილაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დაინტერესების შემთხვევაში მაყურებელი „პოლიტმეტრს“ პულტზე აუცილებლედ იპოვის. „თუ სად? დაზუსტებით შეგვეძლება, შეგატყობინოთ მალე“, - დაამატა ჟიჟილაშვილმა.

„ტვ პირველს“ პოლიტმეტრის ავტორებთან ერთად ტოვებს გადაცემის სარედაქციო შემადგენლობა (გიორგი დარჩაშვილი, ხატია შამანაური, გიორგი კიკაბიძე, სოფო მაისურაძე და მიხო კოტეტიშვილი).

ნინო ჟიჟილაშვილის წასვლის შესახებ, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ამ არხზე „მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ნოდარ მელაძე დაინიშნა მთავარ პროდიუსერად. მელაძის მისვლამდე ჟიჟილაშვილი იყო საინფორმაციო სამსახურის უფროსი, რომელიც საქმეს არხზე მელაძის მისვლის შემდეგ „ხელმძღვანელობასთან ხედვების ვერდამთხვევის" გამო ჩამოშორდა.

ჟიჟილაშვილსა და სანაიას გადაცემა კვირაში სამჯერ, ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მიჰყავდათ. ჟიჟილაშვილიც და სანაიაც „ტვ პირველზე" წლების განმავლობაში მუშაობდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG