Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლემ უკუაგდო ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა, შეჩერებულიყო ჯონ ბოლტონის წიგნის გამოსვლა


ჯონ ბოლტონი
ჯონ ბოლტონი

აშშ-ის მოსამართლემ უკუაგდო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა, შეჩერებულიყო უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის წიგნის გამოსვლა. მაგრამ მისი დასკვნით, ბოლტონი შესაძლოა სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე დადგეს გასაიდუმლოებული ინფორმაციის გასაჯაროებისთვის.

მოსამართლე როის ლამბერტმა 20 ივნისს დაწერა თავის გადაწყვეტილებაში, რომ გამომცემელმა უკვე მოახდინა წიგნის ტირაჟის ტრასპორტირება და მისი ნაწყვეტები ფართოდ გავრცელდა მედიაში.

ლამბერტის თქმით, ჩანს, ბოლტონმა მემუარების შინაარსი დასტურისთვის არ გააცნო თეთრ სახლს და, სავარაუდოდ, „პუბლიკაციით საფრთხე შეუქმნა ეროვნულ უშიშროებას“. ამის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიძლება აღიძრას, დასძინა მოსამართლემ.

ჯონ ბოლტონის წიგნი „ოთახი, სადაც ეს მოხდა: მემუარები თეთრი სახლის შესახებ“ 23 ივნისს უნდა გამოქვეყნდეს.

პრესაში გამოქვეყნებული ნაწყვეტები შეიცავს სკანდალურ დეტალებს ტრამპის მრჩევლად მუშაობის 17-თვიანი პერიოდიდან.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო შეეცადა დაებლოკა წიგნის გამოსვლა იმ მოტივით, რომ მასში შესული გასაიდუმლოებული ინფორმაციის გასაჯაროება საფრთხეს შეუქმნის ერონულ უშიშროებას.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც წიგნს „ტყუილებისა და გამოგონილი ამბების კომპილაცია“ უწოდა, თქვა, რომ მოსამართლის დასკვნა, რომ ბოლტონმა, როგორც ჩანს, გასაიდუმლოებული ინფორმაცია გაასაჯაროვა, „სასამართლოს დიდი გამარჯვებაა“.

XS
SM
MD
LG