Accessibility links

საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა ხუთმა დეპუტატმა


საქართველოს პარლამენტი

21 ივნისს, საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით, მხარი არ დაუჭირა ხუთმა დეპუტატმა - "ქართული ოცნების" უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა ბიძინა გეგიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ და დავით ჭიჭინაძემ, "პატრიოტთა ალიანსის" ყოფილმა წევრმა, ემზარ კვიციანმა და დმანისი-წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა.

„სამწუხაროა, რომ ქვეყნისთვის ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, როგორიც საარჩევნო სისტემაა, ელჩების და დიპლომატების სადილებსა და ვახშმებზე წყდება. დღეს, ქვეყანაში არსებული პრობლემები არავის აინტერესებს. ყველა იბრძვის მხოლოდ ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის. ამიტომ ამ პოლიტიკური ვაჭრობით მიღებულ შეთანხმებას, ჩემი მხარდაჭერა არ ექნება“, - განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.

რაც შეეხება დამოუკიდებელ დეპუტატს, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერს, დავით ჭიჭინაძეს, მისი თქმით, გაუგებარია, როგორ აჯობებს 30 მაჟორიტარი 73-ს:

„ჩემი მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება. ჯერ ერთი, გაუგებარია, როგორ უნდა აჯობოს 30-მა მაჟორიტარმა 73 მაჟორიტარს ხალხის მსახურებაში და მეორე, აბსოლუტურად მიუღებელია ის ვაჭრობა, რასაც ამ თემის გარშემო ბოლო თვეებია ვაკვირდებით. მოკლედ, ჩემი რწმენით, ყველა ცვლილება უკეთესობას, ხალხის პირობების გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს, პოლიტიკოსების ვაჭრობის თემა კი არ უნდა გახდეს და მათთვის ადგილების მიღების გარანტი. ამიტომ არ ვუჭერ ამ ცვლილებებს მხარს“.

დეპუტატ ბიძინა გეგიძის განცხადებით, ის არ დაუჭერს ცვლილებებს მხარს, რადგან „დღევანდელი ცვლილებები ვერ ახდენს კომპენსირებას იმ გადაგდების, რაც მაშინ მოხდა“.

„ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ კონსტიტუციური ცვლილებები. მე არ ვაპირებ მხარი დავუჭირო ამ ცვლილებებს. მე მხარი დავუჭირე სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას, რადგან ეს იყო ბრძოლის შედეგად მიღებული მონაპოვარი. დღევანდელი ცვლილებები ვერ ახდენს კომპენსირებას იმ გადაგდების, რაც მაშინ მოხდა“.

დეპუტატ ემზარ კვიციანის თქმით კი, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერდა, თუ არჩევნებში მონაწილეობა ყველასთვის სავალდებულო იქნებოდა.

„მე დიდი სიამოვნებით დაგიჭერდით მხარს, ერთი პატარა ცვლილება რომ შეგეტანათ. სიტყვა „ვალია“ შეგეცვალათ სიტყვით - „ვალდებულია“. ამ შემთხვევაში, დიდი სიამოვნებით დაგიჭერდით მხარს“.

„პატრიოტთა ალიანსის“ კიდევ ერთმა ყოფილმა წევრმა, ნატო ჩხეიძემ კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა. მანამდე, სასესიო დარბაზში სიტყვით გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ ცვლილებები მმართველი გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა და მისი მხარდაჭერა კანონპროექტს არ ექნებოდა.

21 ივნისს, პარლამენტმა 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც იცვლება არჩევნებში მანდატების გადანაწილების წესი. ცვლილებების კანონად ქცევისთვის სამი მოსმენაა საჭირო და თითოზე მინიმუმ 113 ხმა.

ამ ცვლილებების მიხედვით, 77-დან 120-მდე იცვლება პროპორციულად არჩეული დეპუტატების რიცხვი, ხოლო 73-დან 30-მდე მცირდება მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა.

კანონპროექტს მხარი დაუჭირეს "ქართული ოცნების", "ევროპული საქართველოს", "პატრიოტთა ალიანსის", "სოციალ-დემოკრატების", "კონსერვატიული პარტიის" წევრებმა. კანონპროექტის მომხრეების რიცხვში იყო დამოუკიდებელი დეპუტატების ერთი ნაწილიც. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს.

.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG