Accessibility links

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ასობით ადამიანი მონაწილეობდა არეულობებში


გერმანიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ შტუტგარტში კვირას დილით ასობით ადამიანი მონაწილეობდა არეულობებში. ისინი ქვებითა და ბოთლებით დაესხნენ თავს პოლიციას, დაამსხვრიეს ვიტრინები და გაძარცვეს მაღაზიები.

„ამჟამად პოლიცია ეძებს კვალს და დაკითხვას უტარებს დროებით დაკავებულ ოცამდე ადამიანს“, ნათქვამია ქალაქის ხელისუფლების განცხადებაში.

განცხადების თანახმად, დაშავებულია ათობით პოლიციელი.

დაძაბულობა ნაშუაღამევს დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნარკოტიკების მოხმარების შემოწმება დაიწყო ქალაქის მთავარ მოედანზე, შლოსპლაცზე შეკრებილ ადამიანებს შორის.

მოედნის მახლობლად სულ უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბა, რის შემდეგაც დაიწყო რამდენიმე მცირე ჯგუფს შორის შეტაკებები. პოლიციის თანახმად, მთლიანობაში შეტაკებებში 500-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

ახლომდებარე კიონიგშტრასეზე, რომელიც ქალაქის მთავარი სავაჭრო ქუჩაა, მოძალადე ჯგუფებმა დაამსხვრიეს ვიტრინები და გაძარცვეს მაღაზიები.

როგორც ადგილობრივი მაუწყებელი, SWR იუწყება, ერთ-ერთი საიუველირო მაღაზია მთლიანად გაძარცულია, მობილური ტელეფონების მაღაზია დალეწეს.

გასულ კვირაში ქალაქის ცენტრში მცირე მასშტაბის შეტაკებები მოხდა პოლიციასა და ახალგაზრდების ჯგუფებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG