Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

19 წლის ფეხბურთელს მესამე დღეა ეძებენ, საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლითაა აღძრული


მესამე დღეა სამაშველო სამსახური და ოჯახის წევრები ეძებენ 19 წლის გიორგი შაქარაშვილს, „საბურთალოს“ აკადემიის ფეხბურთელს.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, მიმდინარეობს საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები. დამატებით განმარტებებს უწყებაში, ამ ეტაპზე, არ აკეთებენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქმე შესაძლოა უკავშირდებოდეს 19 ივნისს, მცხეთაში მდებარე ერთ-ერთ აგარაკზე, ახალგაზრდებს შორის დაწყებულ დაპირისპირებას. ამავე ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის კვალი, მდინარე არაგვის ნაპირზე იკარგება, სადაც მაშველებმა მისი ჩანთა იპოვეს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის, მყვინთავთა ჯგუფი 7 გასაბერი ნავით.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. განცხადება გაავრცელა "საბურთალოს" აკადემიამაც.


შსს-ს ცნობით, პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 20 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზაჰესის დამბის გახსნისა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვის შესახებ, რამაც გამოიწვია მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG