Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს


საოკუპაციო გამყოფი ხაზი
საოკუპაციო გამყოფი ხაზი

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მცხოვრების, ჯუმბერ ფსიტიძის დაკავების ფაქტი დაადასტურა და მის გასათავისუფლებლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი აამოქმედა. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით ახალუბნელი მწყემსი, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს და ის ცხინვალში აღარ გადაიყვანეს. ბოლო პერიოდში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებულ პირებს საოკუპაციო ძალები სწრაფადვე ათავისუფლებენ, რადგან შიში აქვთ, რომ შესაძლოა ინფექციის გავრცელება მოხდეს. მანამდე დეფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყველა დაკავებული ჯერ ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიდა და შემდეგ გადაიყვანდნენ ცხინვალის იზოლატორში, თუმცა საოკუპაციო ძალები ხშირ შემთხვევაში ამ განკარგულებას არ ასრულებენ და დაკავებულ მოქალაქეებს მალევე ათავისუფლებენ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მცხოვრები ჯუმბერ ფსიტიძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაახლოებით ერთი სააათის წინ გაიტაცეს. რადიო “თავისუფლებას“ ადგილობრივი წყარო ატყობინებდა, რომ იგი სოფლის განაპირას ოკუპაციის ხაზის მახლობლად ნახირს მწყემსავდა, რა დროსაც ტერიტორიაზე შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ და მწყემსი ოკუპაციის ხაზის მიღმა გადაიყვანეს. ჩვენი წყაროს ცნობით მწყემის საქართველოს ხელისულების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ხოლო საოკუპაციო ძალები საძოვრის მახლობლად, ბუჩქებში იყვნენ ჩასაფრებულები. ფსიტიძეს, ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდება წაუყენეს. ეს ინფორმაცია, გორის მერის წარმომადგენელმა, ახალუბნის თემში, ტარიელ ვათიაშვილმაც დაადასტურა. გათავისუფლების შემდეგ მწყემსი, გორის ერთ-ერთ კლინიკაში სამართალდამცავებმა გადაიყვანეს, სადაც მას კორონავირუსზე შესაბამის ტესტს -გამოკვლევას ჩაუტარებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG