Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საძაგლიშვილი: კახა კუჭავამ ევროპარლამენტარებთან მიწერილით დაადასტურა, რომ რურუასთან პრობლემა ოცნებას აქვს


გიორგი რურუას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან პრობლემა პროკურატურის ნაცვლად "ქართულ ოცნებას" აქვს და ამიტომ არის დაპატიმრებული. ამის შესახებ საძაგლიშვილმა რურუას პროცესის დაწყების წინ ისაუბრა და ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატის, კახა კუჭავას მიერ ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილი წერილი წარუდგინა.

მისი თქმით, წერილში საუბარია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეწყვიტა საქმეები, რომელიც რურუას წინააღმდეგ მიმდინარეობდა. კერძოდ, საუბარია 1993-1994 წლებზე. საძაგლიშვილი განმარტავს, რომ ამ დროს ხელისუფლებაში "მოქალაქეთა კავშირი" იყო, რომელიც 10 წლის შემდეგ შეიცვალა, ბოლო 8 წელი კი ხელისუფლებაში "ქართული ოცნებაა". მისივე თქმით, არცერთ ხელისუფლებას რურუას წინააღმდეგ არ აღუძრავს საქმე.

რურუას კიდევ ერთი ადვოკატი, შალვა შავგულიძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე ინფორმაცია არ არსებობს.

"კახა კუჭავამ წერილი გაუგზავნა ევროპარლამენტის წევრებს, სადაც ჩვენ ვხვდებით არაერთ ტყუილს და საქართველოში, ალბათ, რაც მკვლელობა მომხდარა, დაბრალებულია გიორგი რურუაზე, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე... გიორგი რურუა არ არის ნასამართლევი და მის დანაშაულთან დაკავშირებით ყოველგვარი საუბარი არის ცილისწამება... ეს არის უტყუარი დადასტურება გიორგი რურუას პოლიტიკური დევნის და გამოიკვეთა, რომ მასთან პრობლემა აქვს "ქართულ ოცნებას" და არა პროკურატურას", - თქვა საძაგლიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ წერილში ეწერა კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც "მთავარი არხის" წილების შესყიდვას უკავშირდებოდა. საძაგლიშვილი აღნიშნავს, რომ რურუამ არხის 2,5-პროცენტიანი წილი 2 500 ლარად იყიდა და აქვე აიღო ვალდებულება, რომ 250 ათასი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

კახა კუჭავამ დაადასტურა, რომ წერილი მისწერა ევროპარლამენტარებს.

"ეს არ არის ოფიციალურად გაგზავნილი წერილი პარლამენტის მხრიდან. ეს არის ჩვეულებრივი სიახლეების ბიულეტენი, რომელიც ჩვენი პარტიიდან და ყველა პარტიიდან [იგზავნება]. ასეთი წერილი გაიგზავნა წინა კვირასაც, გუშინაც... იყო მოყვანილი ის ფაქტები, რომელიც ეყრდნობა არსებულ ფაქტებს", - თქვა კუჭავამ.

დღეს, 24 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმეზე კიდევ ერთი პროცესი ტარდება. ის გასული წლის ნოემბერში იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დააკავეს. "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" მიიჩნევენ, რომ რურუა პოლიტპატიმარია და ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს. მათ სწორად ამ მოტივით არ მიიღეს მონაწილეობა 8 მარტს პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცესში და არ დაესწრნენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG