Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ


19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17 პირს 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

დაკავებულებს ბრალი ედებათ ძალადობაში ჯგუფურ ძალადობასა და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ შესაძლოა ბრალი დამძიმდეს.

შსს-ს ვერსია შაქარაშვილის საქმეზე

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2020 წლის 18 ივნისს მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც მოგვიანებით გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში. მათივე ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრა მცხეთაში.

"თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ.

აქვე აღნიშნულია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე:

"ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ.ა. იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება".

საქმეზე დაკავებულებს (17 პირს) სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლის დარღვევას ედავებიან. კერძოდ:

  • დაკავებულთაგან სამს (ს.ჩ., ს.გ. და ი.წ.) ძალადობას (126-ე მუხლის პირველი პრიმა, "ბ" და "გ" ქვეპუნქტები) ედავებიან. ამ მუხლით ძალადობა ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე;
  • ოთხ დაკავებულს (ნ.ც., ლ.შ., გ.მ. და გ.ტ) ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას (225-ე მუხლი, პირველი და მეორე ნაწილი) ედავებიან. ამ მუხლით 6-დან 9 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული;
  • ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას (225-ე მუხლის მეორე ნაწილი) ედავებიან 4 პირს (ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ.). ამ მუხლით 4-დან 6 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული;
  • ჯგუფურ ძალადობასთან ერთად (225-ე მუხლი, პირველი და მეორე ნაწილი) ჯგუფის მიერ თავისუფლების აღკვეთას (143-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტი) ედავებიან 5 პირს (ვ.ჩ., ვ.მ., ა.ქ., ა.გ., ნ.რ. და ზ.ხ.). მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG