Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ რობაქიძე: დინამო! დინამო!


1962 წლის 29 ივნისი ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია: თბილისის „დინამომ“ ევროლიგის ფინალში მადრიდის „რეალი“ დაამარცხა (90-83) და ჩემპიონთა თასს დაეუფლა!

„დინამომ“ ფინალამდე ასევე დაამარცხა ბუქარესტის „სტიაუა“ (77-76, 82-77),

თურქული „დარუშაფაქი“ (80-67, 84-49) და მოსკოვის ცსკა (75-71, 77-66).

ფინალურ შეხვედრას შვეიცარიამ, ჟენევამ უმასპინძლა. თამაშს 5,000 მაყურებლი დაესწრო და ამ 5 ათას მაყურებელს შორის იყო ცნობილი ქართველი მწერალი, 1931 წლიდან გარდაცვალებამდე ემიგრაციაში მყოფი, გრიგოლ რობაქიძე, რომელმაც ვერ დამალა თანამემამულეების თამაშითა და გამარჯვებით გამოწვეული სიხარული და გრაფინია გიტა შტრახვიტცისადმი მიწერილ წერილში აღნიშნა:

„გუშინ დიდი სიხარული განვიცადე - როგორც ქართველმა. კალათბურთი. Finale de la coupe dEurope des champions DYNAMO TBILISI contre REAL MADRID („ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშება თბილისის დინამოსა და მადრიდის რეალს შორის“- ფრ). „ტიფლისი“ ახლა ქართულად იწერება „თბილისი“. ამ მატჩს დავესწარი - რასაკვირველია. ძალიან ვღელავდი: სისხლი! არ მეშინოდა. ჩემმა თანამემამულეებმა ბრწყინვალედ გაიმარჯვეს. ესპანელები უფრო დიდი ანგარიშით დამარცხდებოდნენ, რომ არ ყოფილიყო გასაოცარი მოთამაშე: ზანგი ჰიგტოუერი (იგულისხმება ჰაიტაუერი). ესპანელების 83 ქულიდან - 32 მის ანგარიშზეა. ფანტასტიურია! გიგზავნი კორესპონდენციას. საქართველო ცოცხლობს. გაუმარჯოს საქართველოს!“

თამაშის დაწყების წინ თბილისის „დინამო“ ფავორიტად მიიჩნეოდა. დინამოელები ესპანელებს ფიზიკურად და ტექნიკურადაც სჯობდნენ. თბილისელი კალათბურთელების სიმაღლე საშუალოდ 1.97 სმ იყო, ხოლო მადრიდელების - 1.87 სმ.

თბილისის დინამოს შემადგენლობა: მინაშვილი - 9 ქულა, კილაძე - 14 ქულა,

ალტაბაევი - 17 ქულა, ინწკირველი - 3 ქულა, ლეჟავა - 16 ქულა, პეტროვი - 12 ქულა, უგრეხელიძე - 14 ქულა, ხაზარაძე - 2 ქულა, მოსეშვილი - 3 ქულა, გოგელია - 0 ქულა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და დინამოელების გამარჯვებით - 90-83 დასრულდა.

გრიგოლ რობაქიძე ამ თამაშიდან 5 თვის თავზე გარდაიცვალა, ვეღარც „დინამომ“ შეძლო მსგავსი წარმატების გამეორება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG