Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-მა "მთავარი არხის" დაუმონტაჟებელი მასალა მოითხოვა


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური(სუს) ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას საბოტაჟის ფაქტზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

სუს-ის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ
2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, რომელიც მასობრივ მაყურებელს აუწყებდა წინასწარ შეცნობით ყალბ ამბავს, რომ თითქოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის პერიოდში სხვადასხვა დაავადებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ სთავაზობდნენ 3000-დან 10000 ლარამდე თანხას.

უსაფრთხოების სამსახური ხაზს უსვამს, რომ სიუჟეტში გადმოცემული ყალბი ამბების ფართოდ გავრცელების მიზნით, სიუჟეტს სოციალური ქსელების და სატელევიზიო კომენტარების საშუალებით, ორგანიზებულად გამოეხმაურნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები და შეეცადნენ, ცრუ ინფორმაციისთვის დამაჯერებლობის მიცემას.

სუს-ის ცნობითვე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და კვალიფიციური თარჯიმნების მონაწილეობით, გამოკითხეს რეპორტაჟის ყველა ფიგურანტი და რესპონდენტი, მათ შორის მოსამართლის წინაშეც: „დაკითხვების შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ რესპოდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ იყო დამახინჯებული სიუჟეტის ავტორთა მიერ უსწორო თარგმანის მეშვეობით და დადგინდა, რომ ამ პირებისთვის არათუ თანხა არ შეუთავაზებია არავის მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების არარეალური მიზეზის დასახელების სანაცვლოდ, არამედ მათ, აღნიშნული ფაქტის შესახებ ზოგადი ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ“.

სუს-ის განცხადებითვე, ამ გარემოებას დამატებით ადასტურებს, 26 ივნისს, „მთავარი არხის“ 9-საათიანი საინფორმაციო გამოშვების დროს, მოქალაქე ა.გ.-ს (არკინაზ გულიევა) ტიტრებით გასული დაუმონტაჟებელი ინტერვიუ, რომლის შინაარსი დიამეტრალურად განსხვავდება 2020 წლის 21 ივნისს „შაბათის მთავარში“ გასული თარგმანისგან.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ გამოკითხა ის პირებიც, ვინც სოციალურ ქსელებში აქტიურობდნენ და ვერცერთმა ვერ დაასახელა ვერც დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი და ვერც წყარო, თუ საიდან ფლობდნენ არასწორ ინფორმაციას.

„იმავდროულად, გამოძიებით აშკარად იკვეთება, რომ ქვეყანაში მოქმედი გარკვეული ძალები და პირთა ჯგუფები, მასობრივი ინფორმაციის ხვადასხვა საშუალებებში ცრუ ინფორმაციის კამპანიურად გავრცელების გზით, მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოს მოქალაქეებში დიამეტრალურად განსხვავებული განწყობების შექმნას, რაც იწვევს დასაბუთებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ ამ დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები, მოსახლეობაში დაუცველობის განცდის, სახელმწიფოსადმი უნდობლობის, პანიკისა და ქაოსის დათესვის გზით მიზნად ისახავენ სსახელმწიფო დაწესებულების, ორგანიზაციების და სამსახურების ნორმალური სამსახურების ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას“.

სუს-ის ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოს ინიციატივისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა განჩინება 2020 წლის 20 ივნისს, გადაცემა „შაბათის მთავარში“ გასული რეპორტაჟის: „ნაყიდი COVID 19“ და 2020 წლის 25 ივნისს, 21:03 – 21:13 საათის პერიოდში გასული სიუჟეტის სრული და უწყვეტი, დაუმონტაჟებელი მასალის გამოთხოვის თაობაზე, რომელიც დღეს ოფიციალურად ჩაბარდება აღსასრულებლად სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობას.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სიუჟეტის გამო სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას აფასებს უმწვავეს, არათანაზომიერ რეაგირებად და მედიის თავისუფლებაში ჩარევის სახიფათო პრეცედენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG