Accessibility links

აშშ-ის საელჩო საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მიესალმება და მიუთითებს ზოგიერთ ხარვეზზე


საქართველოს პარლამენტს აშშ-ის საელჩო ულოცავს ეუთო/ODIHR​-ის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღებას. როგორც საელჩო აცხადებს, მთელი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და სამთავრობო უწყებები კონსტრუქციულად მუშაობდნენ კანონპროექტის შემუშავებაზე, რომელიც მიმართულია საქართველოს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე.

„ამერიკის საელჩომ სიამოვნებით დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ინკლუზიურ საარჩევნო რეფორმებზე მომუშავე ჯგუფის დისკუსიებს, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების კონსულტაციების დაფინანსებას, რომლებმაც ეუთო/ODIHR-ის​ და სხვა დამკვირვებლების ანგარიშებში აღნიშნული ძირითადი ნაკლოვანებების გამოსასწორებლად პრაქტიკული რეკომენდაციები მოამზადეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საელჩოს მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს, მათ შორისაა, საჯარო სამართლის პირებისთვის სამუშაო საათებში საარჩევნო კამპანიის აკრძალვა, კამპანიის დაფინანსების განახლებული რეგულაციები, ზომები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად და უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის, მესამე მხარის დაფინანსების წესების განმტკიცება.

თუმცა, აშშ-ის საელჩოს შეფასებით, კანონში ზოგიერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი ისევ რჩება. „ჩვენი აზრით, დამატებითი ზომების შემოღება ამომრჩევლის შესაძლო დაშინების წინააღმდეგ, საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დავის გადაჭრის პროცესის განმტკიცება და COVID - 19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ალტერნატიული კამპანიის მეთოდების შესაძლებლობის უზრუნველყოფა ხელს შეუწყობდა საზოგადოებრივი ნდობის გაზრდას საარჩევნო პროცესებისადმი ამ შემოდგომაზე”, - აღნიშნავს საელჩო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს ეფექტიანად, რათა მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე, რაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

„როგორც ყოველთვის, ამერიკის საელჩო ყურადღებით დააკვირდება არჩევნებს და მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას”, - აღნიშნულია განცხადებაში.

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო დღეს, 2 ივლისს.

პარლამენტმა, ამავე კანონპროექტით საბოლოოდ დაამტკიცა უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში ქალთა კვოტირების საკითხი: 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG