Accessibility links

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან


ენგურის ხიდი

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან, სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად დააფინანსებს. მთავრობის გადაწყვეტილებით იმავე პირობებით ისარგებლებენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი აბიტურიენტები. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 22 ივნისს ისევ დაკეტა დანარჩენ საქართველოსთან, დროებით გახსნილი „საზღვარი“. ამ გადაწყვეტილების გამო, საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო დანარჩენ საქართველოსთან 14 მარტიდან დაკეტილი საზღვარი რამდენიმე დღით, ცალმხრივად ორჯერ გახსნა - 26 მაისს და 22 ივნისს. საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა რამდენიმე ათეულ მოქალაქეს, რომლებიც დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა საჭიროების გამო, მათ შორის, სამკურნალოდ იმყოფებოდნენ.

ახალგორის ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი გასული წლის 4 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია და გამონაკლისის სახით ის მხოლოდ რამდენჯერმე გაიხსნა. ერთხელ პენსიონერებს მისცეს საშუალება, წეროვანში გადმოსულიყვნენ და 5 თვის დაგროვილი პენსია მიეღოთ, რამდენჯერმე კი გადასასვლელი გადაუდებელი ავადმყოფების ტრანსპორტირებისთვის გახსნეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის გზა ჩორჩანა-წნელისის კრიზისის გამო ჩაკეტა და ჩორჩანის ტყიდან ქართული პოლიციური საგუშაგოს გატანამდე ახალგორის გამშვები პუნქტის გახსნას არ აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG