Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო საზღვარს უპირობოდ უხსნის ევროკავშირის 5 ქვეყანას


საქართველო საზღვარს უპირობოდ უხსნის გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს. თავის მხრივ, ევროკავშირის ამ სახელმწიფოებმა მიიღეს საქართველოსთვის საზღვრების უპირობოდ გახსნის გადაწყვეტილება.

ივნისის ბოლოს, ევროკავშირის საბჭომ წევრ ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია, საზღვრები გაუხსნან კორონავირუსის გავრცელების მხრივ 15 უსაფრთხო ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს. ევროკავშირის სახელმწიფოები გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ.

საქართველოს მთავრობის განმარტებით, გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ყველა სახის ვიზიტით ჩამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით.

საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.

მათივე თანხმობის შემთხვევაში, ან საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში ჩაუტარდებათ PCR ტესტი.

სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ, მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.

საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან, ქვეყანაში ყოფნის პერიოდში, პროაქტიურ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი.

მთავრობის ინფორმაციით, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება აგვისტოდან, მიუნხენის მიმართულებით კვირაში 2 რეისის შესრულების თაობაზე. მუშაობა გრძელდება AirBaltic-სა და AirFrance-თან.

საქართველოს რეგულარული ავიამიმოსვლა 1 აგვისტომდე აქვს შეჩერებული.

XS
SM
MD
LG