Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეძლებს გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლის წაყენებას ბრალდებულებისთვის?


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი მოითხოვს, რომ გამოძიებამ „ტოიოტა კამრიში“ მსხდომ ექვს პირს ბრალი წაუყენოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ოჯახი დარწმუნებულია, რომ სწორედ „კამრიში“ მსხდომი პირები გაუსწორდნენ გიორგი შაქარაშვილს მდინარე არაგვის ნაპირზე და შემდეგ წყალში გადააგდეს. სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილი წყალში 12-მდე დაზიანებით აღმოჩნდა და საბოლოოდ ის ასფიქსიით დაიღუპა. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ბიჭს დაზიანებები გარდაცვალებამდე ახლო, მოკლე პერიოდში, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით მიადგა. ოჯახი გამორიცხავს, რომ ფეხბურთელს ის დაზიანებები, რაც ექსპერტიზის დასკვნაშია აღწერილი, ფერდობზე დაგორებით მიეღო.

რა რესურსი აქვს დღეს გამოძიებას იმისათვის, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში 17 ბრალდებულიდან რამდენიმეს, უფრო ზუსტად კი „ტოიოტა კამრიში“ მსხდომ ექვს პირს, ბრალი წაუყენოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით? შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით, ბრალდებულებს ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა და ასევე, თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ამ დროისათვის, „ტოიოტას“ არცერთი ბრალდებული წაყენებულ ბრალს არ აღიარებს, რომ აღარაფერი ითქვას, ჯგუფურად განზრახ მკვლელობაზე.

ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს, არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალი ვერ დაუმძიმდებათ.

საქმეში არსებული მტკიცებულებები - შეძლებს თუ არა ბრალდება დანაშაულის დამტკიცებას?


გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ამ დროისათვის, მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაა ცნობილი. ამ ექსპერტიზის გარდა, 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე, არაერთი სხვა ტიპის ექსპერტიზა მიმდინარეობს, მათ შორის, ტრანსოლოგიური ექსპერტიზა, რაც გულისხმობს, მაგალითად, ტანსაცმელზე მექანიკური დაზიანებათა კვალის დადგენას, კვალის წარმომშობი ობიექტის განსაზღვრას, სხეულსა და ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებათა შესაბამისობის განსაზღვრას. მიმდინარეობას ასევე, ბიოლოგიური ექსპერტიზა, დაქტილოსკოპიური კვლევა, ნიადაგის კვლევა და ა.შ.

ექსპერტთა განმარტებით, სწორედ ამ კვლევების პასუხებზე იქნება დიდწილად დამოკიდებული იმის დადგენა, ჰქონდათ თუ არა ბრალდებულებს შემხებლობა გიორგი შაქარაშვილთან სიკვდილამდე ახლო პერიოდში. არ არის გამორიცხული, ამ კვლევების საფუძველზე გამოძიება ახალ მტკიცებულებებზეც გავიდეს.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულთა ნივთმტკიცებების, მათ შორის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, მობილური ტელეფონების ამოღება, გამომძიებლებმა დაიწყეს ინციდენტიდან, თითქმის ორი დღის თავზე, 20-21 ივნისის ღამეს.

მაგალითად, „ტოიოტა კამრიში“ მჯდომი მგზავრის, არჩილ გაგნიძის მწვანე ფერის კამუფლირებული მაისური, „ნაიკის“ შორტი და „ადიდასის“ ბოტასები, გამოძიებამ მისი სახლიდან 20 ივნისს, საღამოს 23 საათზე ამოიღო.

კიდევ ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის მაისური, „ადიდასის“ შავი შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი კი გამოძიებამ ამოიღო 21 ივნისს.

ასევე 21 ივნისს წაიღეს ექსპერტიზაზე „კამრიდან“ კიდევ ერთი ბრალდებულის, ვასილ მახარაძის ნივთები - ლურჯი მოკლესახელოიანი მაისური, „ადიდასის“ ფირმის ბოტასები და „ნაიკის“ შორტები.

ტანსაცმელი


გამოძიების დასადგენია, ნამდვილად ის ტანსაცმელი ეცვათ ბრალდებულებს ინციდენტის ღამეს, რაც გამომძიებლებმა მათი სახლებიდან ამოიღეს, თუ არა. დასადგენია ისიც, იმ ორი დღის განმავლობაში, სანამ ბრალდებულებს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სახლში ჰქონდათ, ხომ არ გარეცხეს. კრიმინალისტ-ექსპერტების თქმით, ორი დღე სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ნივთზე ისეთი ზემოქმედება მოახდინო, რაც დაკარგავს ყოველგვარ კვალს.

ფეხსაცმელი


გამოძიებისათვის ხელსაყრელი ინფორმაციის მატარებელი შეიძლება იყოს ბრალდებულების ფეხსაცმელი და მათზე დარჩენილი ნიადაგის კვალი. თუმცა, ამ შემთხვევაში, ისიც საგულისხმოა, რომ ინციდენტის ადგილიდან და მის მიმდებარე ტერიტორიებიდან, ნიადაგის ნიმუშები გამოძიებამ ინციდენტიდან 10 დღის თავზე, 29 ივნისს აიღო. ხუთ დღეში კი ტერიტორია გადაიწვა. როგორც გამოძიებამ განმარტა, ჯართის შემგროვებლის მიზეზით.

ძირში წაჭრილი ფრჩხილები


საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თითქმის ვერცერთი ბრალდებულისგან ვერ იქნა აღებული ფრჩხილის ნიმუში. სისხლის სამართლის საქმეს თან ერთვის არაერთი ოქმი დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ, სადაც წერია, რომ პირებს ფრჩხილები მოჭრილი აქვთ იმ მინიმუმზე დაბალ დონეზე, ვიდრე ეს საჭიროა ნიმუშის ასაღებად.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ მტკიცებულებების გასამყარებლად უმჯობესი იქნებოდა, ფრჩხილების ნიმუშების აღებაც მოხერხებულიყო, რაკიღა, ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, დგინდება, არის თუ არა ფრჩხილში ჩარჩენილი კანის ეპითელიუმის ნაწილი, ან სისხლი, რის შემდეგაც ტარდება ციტოლოგიური კვლევა იმის დასადგენად, ეკუთვნის თუ არა ის გარდაცვლილს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ რაკი ფრჩხილის ნიმუშების აღება ინციდენტიდან ორი დღის თავზე იქნა მოთხოვნილი, დიდი ალბთობით, ხელის არაერთგზის დაბანის შედეგად, კვალი დაიკარგებოდა.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სისხლის სამართლის საქმის მონაწილეებმა გარკვეული პირებისგან ფრჩხილების დაჭრის რჩევა მიიღეს.

როდის იქნება ექსპერტიზის პასუხები ცნობილი, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია შაქარაშვილის ოჯახს, ჯერჯერობით, არ აქვს.

თუმცა, თუკი ექსპერტ-კრიმინალისტების გამოცდილებას დავეყრდნობით, ამ ტიპის კვლევები და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, შესაძლოა, საქმე გვქონდეს ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულთან, ხანგრძლივ დროს საჭიროებს და არ არის გამორიცხული რომ 2-3 თვესაც კი გაგძელდეს.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG