Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ეძებდა პოლიცია „ნასვამ“ შაქარაშვილს და არა თავდასხმისას გაუჩინარებულ შაქარაშვილს?


მიუხედავად იმისა, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებიდან რამდენიმე საათში, დილის 7 საათისათვის, ოჯახმა უკვე იცოდა, რომ ბიჭის გაუჩინარება მცხეთის აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებას მოჰყვა, პოლიციაში განცხადება, მხოლოდ და მხოლოდ, „ნასვამი“ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ შევიდა.

განცხადების ინიციატორია გიორგი შაქარაშვილის მეზობელი. 19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ პოლიციას მან გიორგი შაქარაშვილის დედის თხოვნით მიმართა.

მეზობლის გამოკითხვის ოქმის თანახმად, რომელიც პირველი ივლისით თარიღდება, გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ მან დილით, 7 საათისათვის შეიტყო. მან ისიც შეიტყო, რომ გიორგის კვალი მცხეთაში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გაუჩინარდა.

თუმცა, საქმეში დევს პოლიციაში შესული შეტყობინების დოკუმენტი, სადაც წერია, რომ „ერთ-ერთი მოქალაქე, გიორგი შაქარაშვილი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო, დაიკარგა. მდინარის პირას, ხევია, ასევე ტყე გარშემო. შესაძლოა, ხევში გადავარდა ან ტყეშია, არ იციან ზუსტად“. შეტყობინებაში არაფერი წერია 19 ივნისის ღამის ინციდენტის შესახებ.

გიორგი შაქარაშვილის მეზობლის გამოკითხვის ოქმში ვკითხულობთ:

„19 ივნისს, დაახლოებით 7 საათზე მე გამაღვიძა ხმაურმა და როდესაც გავიღვიძე, ხმა მოდიოდა ჩემი საცხოვრებელი ბინის ერთი სართულით ქვემოდან, გიორგი შაქარაშვილის საცხოვრებელი ბინიდან. მე მაშინვე ჩავიცვი და ჩავედი გიორგი შაქარაშვილის ბინაში, სადაც დამხვდნენ მისი ოჯახის წევრები, რომლებიც იყვნენ აღელვებულები და ამბობდნენ, რომ გიორგი წვეულებიდან არ იყო დაბრუნებული. ასევე მითხრეს, რომ აღნიშნულ წვებულებაზე მოხდა ჩხუბი, რაზედაც მე და მისი ოჯახის წევრები წამოვედით მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ აგარაკზე, ვიფიქრეთ, იქ იქნებოდა. როდესაც მივედით, ვნახეთ, რომ აგარაკზე არავინ იყო. ვინაიდან გიორგი ვერ ვიპოვეთ ჩვენი ძალებით, მისი დედის თხოვნით, დავრეკე 112-ზე და ვითხოვე პოლიციისა და სამაშველო სამსახურის დახმარება“.

საქმის მასალების თანახმად, გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა ბიჭის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც დილის 7 საათისათვის მათ მობილურზე დაუკავშირდა გიორგი შაქარაშვილის მეგობარი და საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი და იკითხა, დაბრუნდა თუ არა გიორგი სახლში.

შეატყობინა თუ არა მან ოჯახს ინციდენტის დეტალები, ამის შესახებ ამირხანაშვილის გამოკითხვის ოქმებში არაფერი წერია.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG