Accessibility links

„გავიგუდეს“ წევრებმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას აქცია მოუწყვეს


ეკოლოგიური ჯგუფ „გავიგუდეს“ წევრებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს 14 ივლისს რუსთავში, იმ დროს, როცა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, საწარმო „ქართლი ტექსტილის“ მშენებლობის საზეიმოდ გახსნას ესწრებოდნენ.

მშენებლობის ადგილის მიმდებარედ მონაწილეებს მდუმარე აქციაზე გამოტანილი ჰქონდათ პლაკატები: „საშიში ზონა“, „ფრთხილად! ცუდი ჰაერია“, „ეკოლოგია უალტერნატივოა“. აქცია ექსცესების გარეშე ჩატარდა. მეორე დღეა, „გავიგუდეს“ რუსთავში დიდი ზომის ბანერი დააქვს უბან-უბან და მოსახლეობას 18 ივლისისთვის მერიის წინ აქციის გამართვისკენ მოუწოდებს.

ეკოაქტივისტმა ნიკოლოზ მუსერიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აპროტესტებენ „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონპროექტის საშემოდგომო სესიაზე გადატანას, „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, დაგვპირდა, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა კანონპროექტს პარლამენტში განსახილველად საგაზაფხულო სესიაზე გაიტანდნენ, - თქვა „გავიგუდეს“ ლიდერმა, ნიკოლოზ მუსერიძემ, - ჩვენ პრემიერთან ცოტა ხნით შეხვედრას ვითხოვდით, მაგრამ დრო ვერ გამონახა“.

დღევანდელი აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ტყემალაძემ იმის გამო, რომ გარემოს დაცვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიღება იგვიანებს, 13 ივლისს, პროტესტის ნიშნად, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის კარზე ქაღალდზე დაწერილი „გავიგუდე“ გააკრა.

დღესვე, „ქართლი ტექსტილის“ მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გამართული ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „უნდა დავიცვათ ბალანსი ინვესტორების ინტერესებსა და ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნებას შორის“. მისივე თქმით, გარემოს დაბინძურებისთვის კანონი გამკაცრებულია, მიმდინარეობს საწარმოთა მუდმივი მონიტორინგი. მინისტრის თქმით, ის ინვესტიციებსა და ეკოლოგიაზე ბიზნესმენებს 13 ივლისს გამართულ შეხვედრაზეც ესაუბრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG